Cashless - ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიის სამაჯური ქართულ ბაზარზე უახლოეს ხანებში გამოჩნდება

ქართულ ბაზარზე ახლო მომავალში ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგია - Cashless სამაჯური გამოჩნდება, რომლის მეშვეობით მომხმარებლები თანხის გადახდას შეძლებენ.

როგორც კომპანია Cashless-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიგა მეხრიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ინოვაციური პროდუქტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ამ ეტაპზე მსგავსი პროდუქცია არ არსებობს.

,,ჩვენ კონკრეტული ნიშის დამკვიდრებას ვაპირებთ. იმ ბაზრებზე შევდივართ, სადაც ფულით ან ბარათით გადახდა არაკომფორტულია. სამაჯურში ჩამონტაჟებულია თანამედროვე ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მარტივად გადახდას მოახერხერბს. მასში თანხის განთავსება კი ორი გზით - ონლაინ გადახდისა და ბანკის საშუალებითაა შესაძლებელი”, - აღნიშნავს გიგა მეხრიშვილი.

ინოვაციური სამაჯურების შემქმნელი კომპანია Cashless-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თანამშრომლობა კლუბებთან და ფესტივალებთანაა დაგეგმილი.

,,თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიასთან. მალე პროდუქტით სარგებლობას აკვაპარკებში და წყალთან დაკავშირებულ სხვადასხვა ადგილებშიც შეძლებენ, ვინაიდან წყალთან შეხებისას სამაჯური არ ზიანდება. შესაბამისად, ზღვაზე ან აუზზე მისი ტარება ბევრად უფრო კომფორტულია მომხმარებლისთვის,”-აღნიშნავს გიგა მეხრიშვილი.

სამაჯურები ამ ეტაპზე ნაჭრისგანაა დამზადებული. თუმცა გიგა მეხრიშვილის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ტყავის პროტოტიპებზე და ამ კუთხით კომპანია ქართველ დიზაინერებთან აპირებს თანამშრომლობას. უახლოეს მომავალში კომპანია სამაჯურის ფუნქციონალურ დახვეწასა და მის დიზაინზე მუშაობის გაგრძელებასაც აპირებს.

ქრისტინე გამთენაძე