გერმანული ავტობუსები თბილისში სექტემბრის ბოლოდან გამოჩნდება

სექტემბრის ბოლოდან თბილისში ყვითელ ავტობუსებს გერმანული ავტობუსები ჩაანაცვლებს.

მოსახლეობას ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანიის MAN-ის ავტობუსები მოემსახურება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისათვის ტექნიკური და ფინანსური შეფასების პროცესი დასრულებულია და მიმდინარეობს კონტრაქტის დეტალებზე მუშაობა.

„ახალი ავტობუსები ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში, ტექნიკურად გამართული, უსაფრთხო და კომფორტულია. ავტობუსები CNG საწვავზე მომუშავე ძრავით აღჭურვილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება“, - აცხადებენ მერიაში.

პროექტის ბიუჯეტი 34 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან ევრობანკის სესხის მოცულობა 27 მლნ ევროა, ხოლო 7 მილიონი ევრო ევროკავშირის გრანტია. მერიის ინფორმაციით, თანხა დაახლოებით 150 ერთეული ავტობუსისთვის არის საკმარისი.

დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სულ შვიდმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აქედან 3 ჩინური, 1 უკრაინული და 3 ევროპული, მათ შორის გერმანული, პოლონური და ფრანგულ-იტალიური. როგორც მერიაში აღნიშნავენ, განხორციელდა სამეტაპიანი შეფასება. მესამე, . შეფასების ეტაპზე კონკურენცია სამ ევროპულ კომპანიას შორის მიმდინარეობდა.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე