დიმიტრი ხუნდაძე პენსიის გაზრდის დაპირებას პარტიების „საარჩევნო ტრიუკს“ უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე პენსიის გაზრდის დაპირებას პარტიების „საარჩევნო ტრიუკს“ უწოდებს. ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და კომიტეტის მიერ განხორციელებულ კანონპროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრა. ხუნდაძემ ასევე კომენტარი გააკეთა წინასაარჩევნოდ პარტიების დაპირებებთან დაკავშირებით, რომ პენსიის ოდენობა გაიზრდება. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამომრჩეველს პენსიის 230 ლარამდე გაზრდას, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“ 300 ლარამდე გაზრდას დაპირდნენ.

„მე ვფიქრობ, ეს არის არასერიოზული, არ შეიძლება ესტაფეტა გავმართოთ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინ მეტს შესთავაზებს თავის ამომრჩეველს. გამოსავალი არის მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაში, რაზეც პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლება 2017 მესამე კვარტლიდან ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს.

„გამოსავალი არის დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება. სხვა შეთავაზება, ეს არის გათანაბრებული ტყუილთან და ეს არის საარჩევნო „ტრიუკი“. ასე რომ, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს ვთხოვ, ნუ გამოიყენებენ მათ საარჩევნო სპეკულაციისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პენსიები მეოთხედ გაიზარდა. ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი ოდენობა არ არის, მაგრამ იმაზე მეტია, ვიდრე იყო და იმაზე მეტი, ვიდრე არის ინფლაციის მაჩვენებელი.