ლინას ლინკევიჩიუსი - საქართველო უვიზო რეჟიმს შემოდგომაზე მიიღებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი მიიჩნევს, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს იმსახურებს. როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია წერს, ლინკევიჩიუსის შეფასებით, ქვეყანა რეფორმების პროცესს წარმატებით ახორციელებს და ამ ძალისხმევის დადებითი შედეგებს მალე დაინახავს.

ლინკევიჩიუსი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შემოდგომაზე მიიღებს. ის ასევე ამბობს, რომ საქართველო ამ პროცესის მალე დასრულებას იმსახურებს, თუმცა ფორმალური პროცესის დასასრულებლად ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას შორის კონსესუსი აუცილებელია.

"მე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიღწევებს რეფორმების ჩატარების და ე.წ. საშინაო დავალების შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო რეჟიმის მიღებას. ამის შესახებ კომისიამაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება”, - აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

"შეიძლება შეთანხმებაში საჭირო გახდეს გარკვეული უსაფრთხოების ზომების ჩადება. ვფიქრობ, შემოდგომის დასაწყისისთვის ამ პროცესს დავასრულებთ და მათ მიეცემათ ბოლომდე დამსახურებული უვიზო რეჟიმი”, - აცხადებს ლინკევიჩიუსი.