ქართული სუნელი ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

ქართული სუნელების მწარმოებელი კომპანია ,,სუნელი” საწარმოს გაფართოებასა და საექსპორტო ბაზრების ათვისებას გეგმავს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ზაზა ბეჟანიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის უკრაინასთან და პოლონეთთან მიმდინარეობს.

,,ჩვენ გვქონდა შეხვედრები, ვაპირებთ საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად თანამშრომლობა უფრო აქტიურ ფაზაში შევიყვანოთ და წარმადობაც მოთხოვნის შესაბამისად გავზარდოთ,”-აღნიშნავს ზაზა ბეჟანიშვილი.

ბეჟანიშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, საწარმოს გაფართოება და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

ამ ეტაპზე კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე, თბილისსა და რეგიონებში ახდენს. ზაზა ბეჟანიშვილის ინფორმაციით, საწარმოში თითქმის ყველა დასახელების ქართული სუნელი მზადდება.

,,ჩვენს ასორტიმენტშია ორეგანოს სუნელი, მწვანე აჯიკა, მდოგვი, სხვადასხვა ტრადიციული ქართული კერძების სუნელები. პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდაზე მუშაობას ვაგრძელებთ”, -აღნიშნავს ზაზა ბეჟანიშვილი.

მისივე განმარტებით, დაარსებიდან დღემდე პროდუქციის გაყიდვები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

,,სუნელი” 2 წლის წინ გაიხსნა. საწარმო თბილისში მდებარეობს და მასში ამ ეტაპზე 6 ადამიანია დასაქმებული.

ქრისტინე გამთენაძე