მოსახლეობამ გერგეთის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა

გერგეთის შესახვევი #3-ში 82-ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა დღეს მოსახლეობამ აქციით გააპროტესტა.

მოსახლეობის ინფორმაციით, გერგეთის შესახვევ #3-ში სასტუმროს მშენებლობას სამშენებლო კომპანია „ბეტა კაპიტალი“ აწარმოებს, დამკვეთი კი შპს „კასს 1“-ია. გერგეთის ქუჩაზე მშენებლობა სამ ადგილზე მიმდინარეობს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათგან ერთ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა ხდება, მეორეზე - კორპუსის, ხოლო მესამე ადგილზე რა შენდება, უცნობია.

როგორც ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, ორი წლის განმავლობაში მძიმე ტექნიკის მოძრაობის შედეგად საკანალიზაციო წყალარინების სისტემები პერიოდულად ზიანდება და ძველ შენობებს ბზარები უჩნდებათ, ხშირია ელექტროსადენების მწყობრიდან გამოსვლის შედეგებიც.

გერგეთის შესახვევ #3-ში კლდის დიდი მასივია მოხსნილი და დაახლოებით სამსართულიანი ქვაბულში მშენებლობა მიმდინარეობს.

ადგილზე კომპანია „ბეტა კაპიტალის“ თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ასევე დამკვეთი კომპანიის წარმომადგენელი, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ და თბილისის საკრებულის ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენლები.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუამ განაცხადა, გერგეთის შესახვევში აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა მათ არაერთხელ გააპროტესტეს, თუმცა უშედეგოდ. ზაზა ვეკუას თქმით, ამ მომენტისათვის სასტუმროს მშენებლობის შეჩერება უკვე შეუძლებელია.

„გაერთიანებული დემოკრატების“ ფრაქცია მიმართავს ქალაქის ხელისუფლებას, სასტუმროს მშენებლობის პროცესს ტექნიკური ზედამხედველობა გაუწიოს, რათა მოსახლეობამ მშენებლობისგან ნაკლები ზიანი მიიღოს.