მთის ფერდობზე გაშენებული თხილის პლანტაციები

73 წლის ნოდარ ზოსიძემ, როცა წლების წინ თხილსა და სიმინდს შორის არჩევანის წინაშე დადგა, არჩევანი თხილზე გააკეთა.

აჭარის მაღალმთიან რეგიონში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში აგრომეწარმე 45-გრადუსიანი დაქანების ფერდობზე გაშენებულ თხილის პლანტაციებს ფლობს. ჯაბნიძეებში 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 427 კაცი ცხოვრობს და  მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლების მსგავსად, მაცხოვრებლების უმეტესობას 0.5 ჰექტარ ფართობზე მეტი მიწა არ აქვს.

ნოდარ ზოსიძე სამწევრიანი კოოპერატივის ”პერსპექტივა თხილი” დირექტორია და თხილის პლანტაციებს გულმოდგინედ უვლის, რათა მიღებული მოსავალი კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი გახადოს.

”ბაბუაჩემი აქ 1902 წლიდან ცხოვრობდა. ნებისყოფა უნდა გქონდეს, ძალა უნდა დაზოგო, მთა უნდა გიყვარდეს. თუ საქმეს იქ აკეთებ, სადაც ცხოვრობ და ამ საქმეს შემოსავალიც აქვს, ბედნიერი ხარ და საქმეს სიხარულით მიყვები. ჩემთვის ჩემი საქმე დამღლელი არ არის”, - ამბობს ნოდარ ზოსიძე და ”ბიზნესპრესნიუსს” თხილის ბიზნესის შესახებ ესაუბრება.

არჩევანი თხილს სასარგებლოდ: ”თანამედროვე ბაზრის პირობებში, ყველა მეურნე ცდილობს თავის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მოაშენოს ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც მას საკუთარ დანაზოგს და საბრუნავ საშუალებას მისცემს. თანაც, კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე. აქ ზაფხული ძალიან ხანმოკლეა, ზამთარი - დიდი. თხილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. მეორე, ბაზარზე მოთხოვნა დიდია. მესამე, თავისი ფესვთა სისტემით ეროზიული მოვლენების გავლენას ასუსტებს. ეს მთლიანად აჭარისთვის ძალიან ყურადსაღები რამ არის.

შარშან 1 კგ თხილი 8 ლარად ჩავაბარე და საკმაოდ დიდი თანხა ავიღე. მე რომ აქ სიმინდი მქონოდა, 300 ლარსაც ვერ ავიღებდი. მომდევნო 5-10 წელიწადში ჩვენ 8-10 ტონა თხილის მოლოდინი გვაქვს”.

პროგრამა ”ენპარდის” ფარგლებში მიღებული დაფინანსება და გაზრდილი მოსავალი: ”ენპარდის” შესახებ 2014 წლის სექტემბერში გავიგეთ. შევადგინეთ საგრანტო განაცხადი, გავაგზავნეთ და გავიმარჯვეთ. შედეგად მეტი სტიმული მოგვეცა და 6 ჰექტარზე გავაშენეთ თხილი. ”ენპარდის” დაფინანსების ფარგლებში ჩვენს კოოპერატივს თხილის სარჩევი აპარატი, მოტობლოკი თავისი მისაბმელით და თხილის შესაწამლი დანადგარი გადმოგვეცა. ეს ყველაფერი დაახლოებით 11 700 ლარის ღირებულების არის”.

თამარ კორკოტაშვილი