გორში დღეს რიგით მე-3 000 ტურისტი დაასაჩუქრეს

გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ დღეს რიგით მე-3 000 ტურისტი დაასაჩუქრა. როგორ გორის მერიაში აცხადებენ, ისრაელის მოქალაქე მეუღლესთან ერთად საქართველოს 2 დღის წინ, გორს კი დღეს დილით ესტუმრა და კონსულტაციისთვის გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიმართა, სადაც მას, როგორც სიით მე-3000 ტურისტს, მერიის წარმომადგენლები ელოდნენ. ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, ცოლ-ქმარმა მერიისგან სასაჩუქრე პაკეტი - ქართული ღვინო, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკიანი ჭიქა და საინფორმაციო ბუკლეტები მიიღო.

,,საქართველოში 10 დღით ჩამოვედით და ვაპირებთ მანქანით შემოვიაროთ თქვენი ქვეყანა. აქ მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი დაგვხვდა. დიდი მადლობა გორის მერიას, რომელიც ასეთი სტუმართმოყვარე აღმოჩნდა“, - აღნიშნა ებრაელმა ტურისტმა.

გორის მერის მრჩევლის შალვა ტლაშაძის განცხადებით, ყოველი მე-1000 ვიზიტორის დასაჩუქრება მერიის კეთილი ნებაა.

„ესაა მცდელობა, რომ გორში ჩამოსულ ვიზიტორს ტურისტული ობიექტების გარდა ადამიანური ურთიერთობებიდანაც სასიამოვნო შთაბეჭდილები გაჰყვეს. ეს ტურიზმის წახალისების ერთგვარი მცდელობაა“, - განაცხადა ტლაშაძემ.

პირველად მე-2000 ტურისტი მერიამ მიმდინარე წლის მაისში დაასაჩუქრა.