დავით ონოფრიშვილი - ნამდვილად ღირსია ქართველი მშრომელი ადამიანი, რომ საათში 3 ლარი მაინც ჰქონდეს ხელფასი

”თავისუფალი დემოკრატების” წევრი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ პენსიასთან, საარსებო მინიმუმთან და ხელფასთან დაკავშირებით პარტიის საარჩევნო დაპირება რეალურია.

როგორც ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპონენტებმა უმჯობესია საკუთარ პროგრამაზე ისაუბრონ, ვიდრე ”თავისუფალი დემოკრატების” პროგრამის გაკრიტიკებას დაიწყებენ.

”ჩვენს ოპონენტს ვურჩევ, თვითონ განაცხადონ სერიოზული წინადადებები. ჩვენ რასაც ვაცხადებთ, არის გათვლილი. ოპონენტებმა სჯობს საკუთარ პროგრამაზე ისაუბრონ, თუმცა ზოგიერთზე საერთოდ ვერ ვხედავ რაიმე პროგრამა ჰქონდეს. ყველა ქვეყანას ევროპაში მინიმალური ხელფასი დადგენილი აქვს. მინიმალური ხელფასის დადგენა არ მოხდება დრაკონული მეთოდებით, თუმცა ნამდვილად ღირსია ქართველი მშრომელი ადამიანი, რომ 3 ლარი მაინც ჰქონდეს ხელფასი საათში. ვიღაცას ძალიან ანერვიულებს ეს საკითხი, თუმცა ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ქვეყნის კეთილდღეობას ამის გარეშე ვერ მივაღწევთ”, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

”თავისუფალი დემოკრატების” დაპირებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსია 300 ლარი იქნება, საარსებო მინიმუმი 250 ლარი, ხოლო ხელფასი - მინიმუმ 500 ლარი.