ქართული ლურჯი მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ლურჯი მოცვის პირველი პარტია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წლის მაისში არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს წრეების წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტმა და ექსპორტის შესაძლებლობების განხილვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო.

”ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიაა "Vanrik Agro Group“, რომელმაც ქართული პროდუქცია დუბაიში უკვე გააგზავნა და არაბულ ბაზარზე დიდი დაინტერესების გათვალისწინებით დამატებით შეკვეთებსაც ელოდება. კომპანიის თანადამფუძნებელია საპარტნიორო ფონდი”, - აცხადებენ სააგენტოს პრესსამსახურში.

მაისში, არაბულ მხარეს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უმასპინძლა და ქართული პროდუქცია გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა დელეგაციის წარმომადგენლების ქართულ საწარმოებში სტუმრობა და მათთვის სამუშაო პროცესის გაცნობა.

”დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სავაჭრო ქსელის Baqer Mohebi წარმომადგნელებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ 25 ქართული კომპანიის წარმომადგენლებს სხვადასხვა სექტორიდან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით არაბულ მხარესთან განხილულ იქნა მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური წყლის და საკვები პროდუქტების გატანის შესაძლებლობები, რაც როგორც შედეგებიდან ჩანს, საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა”, - განმარტავენ სააგენტოში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე