სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტრანსპორტის სფეროში მოღვაწე მიმწოდებლებს შეხვდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ბიზნესმენებთან რიგით მეხუთე შეხვედრას გამართავს.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, ამჯერად შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ტრანსპორტის სფეროში მოღვაწე მიმწოდებლებთან შედგება.

შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. ასევე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და წინადადებები პრობლემის გადასაჭრელად.

„შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, არაუგვიანეს 4 ივლისისა, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ჩატარდება.

„ივლისის ბოლოს გაიმართება მეექვსე შეხვედრა ავეჯის მიმწოდებლებთან. ხოლო აგვისტოს დასაწყისში, კვების პროდუქტების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მეშვიდე შეხვედრა შედგება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.