რატომ პირდებიან პენსიონერებს 300-400-ლარიან პენსიას

საქართველოში 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერების პენსია კი უკვე 216 ლარია. 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, პენსიის ჯამური ბიუჯეტიც გაიზარდა. თუკი ჯამური ბიუჯეტი 2012 წელს 1, 045 მილიარდი ლარი იყო, წელს უკვე 1,570 მილიონი ლარია ანუ საპენსიო ანაზღაურება ნახევარ მილიარდზე მეტით გაიზარდა. ამავე დროს, თუ 2012 წელს მონაცემთა ბაზაში 680 ათასი პენსიონერი იყო რეგისტრირებული, დღეს 713 ათასია. ისიც უნდა ითქვას, რომ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, პენსია სამჯერ გაიზარდა: 2012 წლის სექტემბერში საპენსიო პაკეტი 110-125 ლარის ფარგლებში იყო, 2013 წლის სექტემბერში 150 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში - 160 ლარამდე, რასაც ამჟამინდელი, 20-ლარიანი მატებაც მოჰყვა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ოცი ლარი პენსიონერების მდგომარეობას რადიკალურად ვერ შეცვლის, მაგრამ შემცირებას ნამდვილად სჯობს.

„20 ლარით პენსიის მომატება სახელმწიფოს ყოველწლიურად 100 მილიონი ლარი უჯდება, ამიტომ 20 ლარზე იმის თქმა, რომ ის არაფერს წარმოადგენს, ნამდვილად არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ საქართველოში 2008 წლის პირველი იანვრიდან აღარ არსებობს ე.წ. სოციალური გადასახადი, რომელსაც მეწარმე სოციალური სფეროს დაფინანსებისთვის იხდიდა, რის გამოც ეს მოვალეობა მთლიანად სახელმწიფოს მხრებზე გადავიდა. ეს გადასახადი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს და წარმატებით მუშაობს“, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი.

სოსო არჩვაძის თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნო ბატალიები იწყება, ამიტომ მომდევნო თვეებში თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება პენსიონერების გული მოიგოს.

„უკვე გაისმის დაპირებები პოლიტიკური ძალებისგან. ერთ-ერთი პირველი ამათგან საპენსიო უზრუნველყოფაა, რადგან პენსიონერები სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ყველაზე მობილიზებული, მოტივირებული და ორგანიზებული ჯგუფია. შესაბამისად, მათ ხმებს დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების დროს. ამიტომ ნებისმიერი პარტია თუ წინასაარჩევნო ბლოკი ცდილობს გარკვეული ყურადღება დაუთმოს პენსიონერთა პრობლემებს და დაპირებებიც გასცეს. რამდენად შესრულდება მათი დაპირებები, ეს უკვე სხვა ამბავია“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ რეგიონული მდივანი გოგა ასათიანიც მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პარტიის დაპირებები უსაფუძვლო და არარეალურია.

„დღესდღეობით უნამუსო მარათონია გამართული: პარტიები პენსიონერების საყურადღებოდ ისეთ ციფრებს ასახელებენ, რომელიც ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გაიცემა. ჰპირდებიან 300, 400, 500 ლარსაც კი, რაც რეალობას ვერ ასახავს. რა თქმა უნდა, პენსია საარსებო მინიმუმს მაინც უნდა უტოლდებოდეს, მაგრამ ჩვენთან საარსებო მინიმუმიც არარეალურია და გადახედვას საჭიროებს: 161 ლარი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის ძალიან მცირეა. თანაც, პენსიონერს კვების გარდა, ათასგვარი ხარჯი აქვს: ექიმი, საავადმყოფო, მედიკამენტები, ბიუჯეტსაც არა აქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი თავის თავზე აიღოს. ამიტომაც უნდა შეიქმნას ინდივიდუალური დაგროვებითი სისტემა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას ღირსეული მოხუცებულობა ჰქონდეს. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საპენსიო რეფორმა, რომელიც შედეგს 15-20 წელიწადში მოგვცემს, მაგრამ თუ დღესვე არ დავიწყებთ, 15 წლის შემდეგაც იგივე პრობლემები გვექნება. საქართველოში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნა, რაზეც მხოლოდ ლაპარაკი გვესმის, კონკრეტული ნაბიჯები კი ჯერ კიდევ არ გადადგმულა“, - აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი.

ამავე საკითხის შეფასება „ბიზნესპრესნიუსმა“ ექსპერტ გია ხუხაშვილსაც სთხოვა.

„დღევანდელი ხელისუფლებისთვის საყვედურის თქმა, რომ ის სოციალურად არ არის ორიენტირებული, არ შეიძლება, უფრო მეტიც, ეს უსამართლობა იქნება. ჩემი აზრით, დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებაში პენსიების უფრო მეტად გაზრდაზე ლაპარაკი წმინდა წყლის პოპულიზმია და სხვა - არაფერი. თუ გვინდა, რომ ხელისუფლება გავაკრიტიკოთ, უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა უფრო მეტის გაცემის საშუალებას - ეს არის ხელისუფლების პრობლემა და არა ის, რომ მას ამ სეგმენტზე მეტის დახარჯვა არ სურს. უბრალოდ, მას მეტის საშუალება არა აქვს, რადგან მისი ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია და ქვეყნის ეკონომიკა იმდენად ვერ ვითარდება, რომ მეტის გაღება იყოს შესაძლებელი. რაც შეეხება 20 ლარის მომატებას, ეს უფრო ინდექსაციაა და არა პენსიის გაზრდა, რადგან ეს 20 ლარი ვერ ანაზღაურებს ბოლო ხანებში მომხდარ ინფლაციას და პროდუქციის გაძვირებას. ასე რომ, ხელისუფლებას საამაყო ნამდვილად არაფერი აქვს, რადგან პენსიონერების მდგომარეობა კი არ გააუმჯობესა, უბრალოდ, შეარბილა ზარალი, რომელიც პენსიონერებმა ინფლაციის გამო მიიღეს. მე ამას არ დავარქმევდი პენსიების მატებას, მე ამას პენსიების ინდექსირებას დავარქმევდი“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ძალთა წინასაარჩევნო დაპირებებს, გია ხუხაშვილის თქმით, დაპირებებს საფუძველი უნდა ჰქონდეს. მისი განცხადებით, საქართველოში პენსია 300 ლარი რომ გახდეს, ამას სწრაფი ეკონომიკური ზრდა სჭირდება.

„ვიდრე პენსიონერებს 300-400 ლარს დაჰპირდებიან, უნდა გვაჩვენონ კონკრეტული გეგმა, სქემა, თუ როგორ აპირებენ ამის მიღწევას - ეს არის სწორი, სამართლიანი და პატიოსანი მიდგომა, თორემ გამოცხადება ყველაფრის შეიძლება. ვიღაცას შეუძლია პენსიონერებს ათასლარიანი პენსიის დანიშვნას დაჰპირდეს, ენას ხომ ძვალი არა აქვს? საქართველოში სამწუხაროდ, ასეთი თამაშის წესებია: კონკურსი იმაზე კი არ ცხადდება, თუ ვინ უკეთესად მოუვლის ქვეყანას, არამედ იმაზე, ვინ უფრო მაგარ რამეებს დაჰპირდება ხალხს. ჩვენი ელექტორატის გარკვეული ნაწილიც ასე ფიქრობს: სიცრუეა, მაგრამ იაფიო და ამ სიცრუეს დაუფიქრებლად ყიდულობს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტის შეფასებით, სერიოზულ საპენსიო რეფორმას სერიოზული ეკონომიკური ზრდა და ფინანსები სჭირდება.

„დღეს საქართველოში პენსია იგივეა, რაც სოციალური შემწეობა, მაგრამ რას ვიზამთ? - ვიდრე ამ ტიპის საპენსიო სისტემას შევინარჩუნებთ, ჩვენს ქვეყანაში პენსიონერი უზრუნველყოფილი არასოდეს იქნება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე