პირველი ფერმერული კრახიდან წარმატებულ ფერმერობამდე

თამთა მამულაიძე 27 წლის ახალგაზრდა ფერმერია.

მისი ცხოვრება - დევიზით ,,არასდროს დანებდე“ - საკმაოდ მრავალმხრივი და საინტერესოა. მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მართვაში მაგისტრატურის კურსს გადის. თავისუფალ დროს ხატვით არის დაკავებული. დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს კი კახეთისკენ გზას მეუღლესთან ერთად მიუყვება. კახეთში ინკუბატორიდან ახლახან გამოჩეკილი წიწილები და უკვე დაფრთიანებული ვარიები ხვდებიან.

თამთამ ფერმერული საქმიანობა პირველად 22 წლის ასაკში სცადა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. სამცხე-ჯავახეთიდან კახეთში გადმოყვანილი თორმეტი მსხვილფეხა პირუტყვიდან მხოლოდ ორი გადარჩა. მაშინ თამთასთვის არავის უთქვამს, რომ ახლადდაბადებულ ხბოებს ადაპტაცია გაუჭირდებოდათ.

,,ეს იყო მნიშვნელოვანი დანაკარგი და ჩემი პირველი ფერმერული საქმიანობის კრახი. თუმცა ყვარელში დილეტანტის თვალით დიდ რესურსს ვხედავდი. დროებით შევჩერდი, მაგრამ ფიქრი არასდროს შემიწყვეტია. ყველა გზა მაინც სოფლის მეურნეობამდე მიდიოდა. 2 წლის წინ კი ახალი იდეით, იგივე ფინანსური სახსრებითა და ენერგიით შევუდექი სრულიად განსხვავებულ საქმიანობას“, - ამბობს თამთა მამულაიძე.

სამასკვერცხიანი ინკუბატორი ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში მოაწყო. ვიდრე ამ საქმიანობას დაიწყებდა, ადგილობრივების საჭიროებები წინასწარ შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ მაშინ რეგიონში ინკუბატორი არავის ჰქონდა. ამ კუთხით თავისუფალი ნიშა იპოვა და მის ათვისებას შეუდგა. მეორე მცდელობა წარმატებული გამოდგა. ინკუბატორში 2 წლის განმავლობაში წიწილები უკვე ათჯერ გამოიჩეკნენ. თამთა ამბობს, რომ რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს. მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დიდია და მოზრდილი ვარიები ძირითადად რესტორნების მეპატრონეებს მიჰყავთ.

ფერმაში უკვე ორასამდე ვარია იზრდება. ეს იმისთვის, რომ მომავალში კვერცხის ყიდვა აღარ დასჭირდეთ. თამთას გათვლებით, ეს ხარჯებსაც შეამცირებს და გამოსავლიანობაც გაიზრდება.

მალე ინკუბატორში ეგზოტიკური ფრინველების კვერცხებიც გამოიჩეკება. თამთა გნოლების, კაკბებისა და ხოხბების მოშენებას აპირებს.

წელს წიწილების საკვებად გამოსაყენებელი ყვითელი სიმინდის მოსავალსაც ელოდებიან. ფერმერულ საქმიანობაში, რომელსაც თამთა უძღვება, ოჯახის წევრებიც ჩართულები არიან.

ერთ თვეში ინკუბატორი უფრო მეტი დატვირთვით ამუშავდება. წიწილები ყოველ 30 დღეში ერთხელ გამოიჩეკებიან. ფერმაში უკვე მზადაა ეგზოტიკური ფრინველებისთვის საჭირო ტერიტორია და ვოლიერები კურდღლებისთვის.

თამთა ამბობს, რომ წარმატებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, იღბალიც აუცილებელია. ახარებს, რომ ფერმერობა დღეს დასაცინი საქმიანობა აღარაა, სოფლის მეურნეობას კი ქვეყნის მშენებლობისთვის საჭირო საძირკველს უწოდებს. ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ჩართულობა კარგია, თუმცა მათთვის მეტი სტიმულის მიცემაა აუცილებელი.

ამბობს, რომ მისთვის მაგალითად ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე იქცა.

,,მისი მსგავსი ადამიანები რომ კიდევ გამოჩნდნენ, ჩვენც, ჩემი წიწილებივით სწრაფად გამოვიჩეკებით და მალე დავფრთიანდებით“, -ამბობს თამთა.

თვლის, რომ სოფლის მეურნეობას ბოლო დროს სახელმწიფოსგან მეტი ყურადღება დაეთმო. თუმცა აქცენტს ადგილობრივი მოსახლეობის პროფესიული განათლების ამაღლებასა და თანხების რაციონალურად ხარჯვაზე აკეთებს.

,,არ შეიძლება სოფელში ცხოვრობდე და საკვებად იმპორტირებულ, ბაზრობაზე ნაყიდ ხილს და ბოსტნეულს იყენებდე. მარტივად რომ ვთქვათ, ზევიდან დაშენებულს საძირკველიდან აშენებული სჯობს. სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტი და მყარი საძირკველი კი სოფლის მეურნეობაშია,“-აღნიშნავს ახალგაზრდა ფერმერი.

ქრისტინე გამთენაძე