დავით ნარმანია - თბილისში წელს გზის საფარი 1 400 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა

თბილისში წელს გზის საფარი 1 400 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ნარმანიას თქმით, ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე საგზაო სამუშაოები თბილისში აქტიურ ფაზაში შევიდა. მისივე თქმით, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ბევრი ისეთი ქუჩა კეთდება, სადაც 20-30 და უფრო მეტი წლის განმავლობაში გზა არ იყო და თბილისელებს აღნიშნულის გამო დისკომფორტი ექმნებოდათ.

დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ დაიწყეს ნუცუბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები ივლისი-აგვისტოს თვეში ინტენსიურად გაგრძელდება. ნუცუბიძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემები და ტროტუარები მოეწყობა. ასევე დაიწყება ბარნოვის ქუჩაზე სარებილიტაციო სამუშაოები და ქუჩა მთლიანად კეთილმოეწყობა. თბილისის მერის განცხადებით, რამდენიმე დღეში დასრულდება სამება-მახათას ახალი გზის მშენებლობა. მისივე თქმით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს შინდისი-კრწანისის გზაზე და ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე.

„თუ 2014 წელს მხოლოდ ნახევარ მილიონი კვადრატული მეტრი გზა დაიგო, გასულ წელს ჩვენ გავაორმაგეთ დაგებული გზების ფართობი და 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზის საფარი მოწესრიგდა. წელს უფრო ამბიციური გეგმა გვაქვს და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე 1 400 000 კვადრატული მეტრი გზის დაგებას ვაპირებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, ასევე რაიონული გამგეობების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საგზაო სამუშაოების ტემპი არა თუ შეინარჩუნონ, არამედ გაზარდონ და აქცენტი საგზაო სამუშაოების ხარისხზე გააკეთონ.