ბადრი ჯაფარიძე - მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბიზნესს აწუხებს, ეს არის ეკონომიკურ დავებზე კონკრეტული მოსამართლეების კომპეტენცია

მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბიზნესს აწუხებს, ეს არის ეკონომიკურ დავებზე კონკრეტული მოსამართლეების კომპეტენცია და სპეციალიზაცია , - ამის შესახებ „თი ბი სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო ხელისუფლებასა და ბიზნესსექტორს შორის მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„საინვესტიციო გარემოს განმსაზღვრელი ფაქტორი არის ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო. ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავეხმაროთ სასამართლო ხელისუფლებას გააცნობიეროს, სად არის პრობლემები და ერთად ვიზრუნოთ მის აღმოფხვრაზე. მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბიზნესს აწუხებს, ეს არის ეკონომიკურ დავებზე კონკრეტული მოსამართლეების კომპეტენცია და სპეციალიზაცია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის, რომ არაკომპეტენტური მოსამართლეები განიხილავენ ეკონომიკურ დავებს, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ასე არ არის, უბრალოდ მოსამართლეები არასაკმარისი რაოდენობით არიან, ხოლო დავები ძალიან დიდი რაოდენობით არის. ჯაფარიძემ მიიჩნევს, რომ დავებს მოსამართლეების რაოდენობა არ ჰყოფნის. რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზებს, „თი ბი სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი საჭიროებს განხილვას და შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას.

„მე ვთვლი და არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვთხოვოთ დახმარება და კონსულტაცია საერთაშორისო დავების განმხილველ სასამართლოებს, თუმცა ეს სასამართლოს კომპეტენციაა, მაგრამ ვფიქრობ, არ იქნება ცუდი, თუკი წამყვანი საერთაშორისო დავების განმხილველ სასამართლოების გამოცდილებას გავიზიარებთ. ეკონომიკური დავების განხილვისთვის კომპეტენცია აუცილებელია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.