გორში შიდა ქართლის რეგიონული ფორუმი გაიმართება

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების - მერსი ქორფსის (Mercy Corps) და ოქსფამის - ხელშეწყობით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონული ფორუმი გაიმართება.

ფორუმს რეგიონში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, სასოფლო-სამეურნეო სერვისის მიმწოდებლები და შიდა ქართლის რეგიონში არსებული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიისა და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები. ფორუმის მიზანია რეგიონში, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული იმ პრობლემატური საკითხების განხილვა, რომელიც აფერხებს სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას. ფორუმის მსვლელობისას მოხდება სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.