სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით, პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.

როგორც შეხვედრის დასაწყისში ლევან რაზმაძემ განაცხადა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იმ მომწოდებლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო შესყიდვებში, გვერდში დაუდგება.

”ჩვენი შეხვედრების სერია გრძელდება. დღეს ჩვენ ვხვდებით ტრანსპორტის სფეროს ბიზნესმენებს, რომლებიც ჩვენთან რეგისტრირებულები არიან როგორც მომწოდებლები. ჩვენ იმ მომწოდებლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო შესყიდვებში, მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში, გავარკვევთ თუ რა ხელისშემშლელი პირობები არსებობს მათ საქმიანობაში და ჩვენი მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება. მნიშვნელოვანია ის საკითხები გაგაცნოთ, რომელიც ჩვენ სისტემაში მიმდინარეობს. ჩვენი სისტემა არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ყოველდღიურად ინერგება ცვლილებები და სიახლეები”, - განაცხადა რაზმაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესმენებთან წინა შეხვედრებისას გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები უკვე გათვალისწინებულია.

”ჩვენ თემატურად ვხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს. მათ მიერ გამოთქმული გულისტივილი და შენიშვნები ასახულია როგორც საკანონმდებლო, ისე სხვა სარეკომენდაციო დოკუმენტებში. ამან მიიღო რეალური სახე”, - განაცხადა რაზმაძემ.

იგი ბიზნესმენებს თვეში ორჯერ ხვდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე უკვე შეხვდა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს; ფარმაცევტული მომსახურებებისა და პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიმწოდებლებს; კომპიუტერული ტექნიკის, სახარჯი მასალებისა და მოწყობილობების, საოფისე ტექნიკის მიმწოდებელ ორგანიზაციებს; ივლისის ბოლოს გაიმართება შეხვედრა ავეჯის მიმწოდებლებთან, ხოლო აგვისტოს დასაწყისში კვების პროდუქტების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან.