"ნიუ იორკ თაიმსი" - ბათუმში ძველი შენობების უმეტესობა ინვესტორებისათვის კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას შეეწირა

ავტორიტული ამერიკული გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, ბათუმმა - ერთ დროს საბჭოთა კავშირის ზღვისპირა კურორტმა სერიოზული ცვლილებები განიცადა. ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურდა, საქართველოსთვის თანამედროვე იერი მიეცა. სამი წლის შემდეგ, რაც სააკაშვილმა პოსტი დატოვა, ბათუმი სხვა ქალაქებთან ერთად ხიბლს არ კარგავს. ის უცნაური არქიტექტურული სტილების ერთობაა, რომელიც მოიცავს თანამედროვე და დისნეილენდურ შენობებს და მეცხრამეტე საუკუნის ნაგებობებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ზოგი ისტორიული ნაწილი შენარჩუნდა, ძველი შენობების უმეტესობა ინვესტორებისათვის კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას შეეწირა. პატარა სახლები დაინგრა, მიუხედავად მაცხოვრებლების პროტესტისა", - წერს "ნიუ იორკ თაიმსი".

”ყოველი სახლისთვის ვიბრძვით, მაგრამ რთულია ბრძოლა, როდესაც მთავრობას აქვს მთელი ძალაუფლება”, - ამბობს რეჟისორი და წიგნის "ძველი ბათუმი" ავტორი შოთა გუჯაბიძე.

2004 წელს პრეზიდენტად არჩეულმა სააკაშვილმა, ამერიკაში მიღებული განათლებით, გამჭვირვალობის ხაზგასასმელად შუშის ექსტერიერის მქონე შენობების აგება გადაწყვიტა. მისი არქიტექტურული ამბიციები უსაზღვრო იყო, განსაკუთრებით კი ეს შეეხო ბათუმს.

ტურისტები ბათუმისკენ მიიწევენ, მაგრამ არა -  პლაჟისთვის. ქალაქში კაზინოები სოკოებივით იზრდება, რამაც გასულ წელს 400 000 ვიზიტორი მიზიდა თურქეთიდან, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია.

რეგიონალური ტურიზმის ოფისის უფროსის მამუკა ბერძენიშილის თქმით, წელს ბათუმში კიდევ 5 კაზინო გაიხსნება. 2017 წლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ ქალაქში 19 000 სასტუმრო ოთახი იქნება.

როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ სამშენებლო სამუშაოებზე მხოლოდ ადგილობრივები საქმდებიან, ხოლო მათ, ვისაც მშენებლობების გამო ბინის შეცვლა უწევთ, ფულადი კომპენსაცია ეძლევათ.

”ქალაქი გეგმიურად არ ვითარდება. შენობებს ისე აშენებენ, როგორც ინვესტორებისთვისაა უფრო სარფიანი”, - ამბობს ქალაქების დამგეგმავი ზურაბ ბაქრაძე.

"შედეგებიც სახეზეა. კაზინო ქალაქის მთავარი თეატრის გვერდით დგას, მის სივრცეში იჭრება, 35 სართულიანი კოშკი, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო ცარიელია, რვა კაბინიანი ეშმაკის ბორბალი კი უძრავად დგას", - ნათქვამია ამერიკული გამოცემის სტატიაში.

”სააკაშვილს უნდოდა ისე მოეწყო ქალაქი, რომ ეკონომიკას დახმარებოდა, მაგრამ არ უფიქრია იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებდა ეს ცვლილებები საჯარო სივრცეებზე, ხალხზე, მთლიანად ქალაქზე. როდესაც ნადგურდება საჯარო სივრცეები, ნადგურდება ქალაქი”, - ამბობს ბაქრაძე.