რა შეიცვლება ქართულ საბანკო სექტორში მესამე ლიდერის გამოჩენის შემდეგ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბანკ ,,რესპუბლიკას” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი ,,ჰუალინგ ჯგუფი” ყიდულობს. რა ადგილს დაიკავებს ქართულ საბანკო სექტორში ახალი, ორი ბანკის შერწყმის შედეგად მიღებული ფინანსური ინსიტუტი და რამდენადაა მოსალოდნელი სფეროში არსებული კონკურენციის გამძაფრება? საკითხით ,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების” თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ბანკების გამსხვილების პროცესი გრძელდება.

,,ჩვენ გვაქვს მსგავსი მაგალითები. მანამდე ,,პრივატ ბანკის” აქტივები ,,საქართველოს ბანკმა” შეიძინა, "თიბისი"-მ ,,კონსტანტა” შეიერთა. ამ შემთხვევაშიც ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს. ეს ნამდვილად გამოიწვევს საბანკო სივრცეში მესამე მნიშველოვანი მოთამაშის გაჩენას. თუმცა მეეჭვება, რომ მან პირველივე ეტაპზე ძალიან დიდი კონკურენცია გაუწიოს "თიბისი" ბანკსა და "საქართველოს ბანკს". მათ გაცილებით დიდი აქტივები აქვთ”, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

მისი განმარტებით, გამსხვილების პროცესი ახლად შექმნილი, ჩინური და ძლიერი ზურგის მქონე დიდი ბანკის გააქტიურებას გამოიწვევს. კეპულაძე მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე მესამე ლიდერის გამოჩენა მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.

,,სწორედ კონკურენციაა იმის განმსაზღვრელი, რომ მომხმარებლების უფლებები იყოს დაცული. მომხმარებლის ინტერესში კი შედის დაბალი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე და მაღალი საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე. ახალი მსხვილი მოთამაშის გაჩენა მცირედით მაინც შეცვლის თამაშის წესებს. თუმცა მე აღვნიშნავ, რომ დაბალი კონკურენცია საქართველოს საბანკო სექტორში აქამდეც არ იყო”, - აცხადებს კეპულაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს მცირე ეკონომიკისთვის 19 კომერციული ბანკი საჭიროზე მეტია და მომხმარებლები მსგავსი გამსხვილების მომსწრეები კვლავ გახდებიან.

,,ერთადერთი, რაც ამ პროცესში მე არ მომწონს ისაა, რომ ,,სოსიეტე ჟენერალი” ამცირებს თავის აქტივებს საქართველოში და ფაქტობრივად გადის ბაზრიდან. ეს გამსხვილება თავად საბანკო სეტორზეც აისახება, გამძაფრდება კონკურენცია და ბანკები უფრო მოტივირებულები იქნებიან, რომ შექმნან მეტი ახალი პროდუქტი და შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები”, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალიაც მიიჩნევს, რომ ეს გარიგება ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სექტორში კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის ფორმირებას, რაც საბანკო კონკურენციას მნიშვნელოვნად გაზრდის.

,,ახალი ბანკი გაერთიანებული აქტივების მიხედვით, ბაზარზე მესამე პოზიციას დაიკავებს. ის იქნება მსხვილი მოთამაშე. ამ ტიპის შერწყმას მხოლოდ დადებით კონტექსტში განვიხილავ. რა თქმა უნდა, სასიკეთოდ აისახება როგორც საბანკო სექტორის შემდგომ განვითარებაზე, ისე მთლიანად, ეკონომიკის დაფინანსებაზე. კონკურენცის გაზრდა პირველ რიგში ხარისხის ამაღლებას, უკეთესი პიროებების შეთავაზებასა და ძლიერი, საიმედო პარტნიორის არსებობას გულისხმობს”, - აღნიშნავს ზურაბ გვასალია.

მისი თქმით, კონკურენცია თავის თავში სწორედ უკეთეს პირობებს გულისხმობს. ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ ახალი ბანკი შეეცდება, ბევრად უფრო კარგი სერვისები და მაღალი ხარისხი შესთავაზოს კლიენტებს.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე