საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით ასტანაში საბაჟო გაფორმების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს მაგალითისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, საბაჟო გაფორმების ცენტრი გაიხსნა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

“ყაზახეთში ამოქმედდა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონების შექმნას საქართველოს მაგალითის შესაბამისად“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გოსმან ამრინმა საპილოტე ავტომატიზირებული სისტემის „ასტანა 1“-ის პრეზენტაციაზე.

პროგრამა „ასტანა 1“ საქართველოს საბაჟო სისტემაში მოქმედი საბაჟო დეკლარირების პროგრამის თითქმის ანალოგიური იქნება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სახელით, სიტყვით მიმართა და პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ლაშქარაძემ.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთი, საქართველოს მაგალითის მიხედვით, საბაჟო მიმართულებით იწყებს გამჭვირვალე, მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემით ოპერირებას. ლაშქარაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სისტემა ყაზახეთშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საქართველოში.

ასტანის შემდეგ, საბაჟო გაფორმების ცენტრები ეტაპობრივად გაიხსნება ალმა-ათაში, შიმკენტში, პავლოდარში, აქტაუსა და ყარაგანდაში.