საქართველოდან აშშ-ში ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტთა რაოდენობა გაორმაგდება

საქართველოსა და აშშ-ის შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ფულბრაიტის სტიპენდიანტთა რაოდენობა გაორმაგდება.

„აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც გააღრმავებს საქართველოსა და შტატებს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას, ეს არის ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულება, აღნიშნულის შედეგად უფრო მეტ ქართველ სტუდენტს და მკვლევარს შეეძლება გახდეს პროგრამის სტიპენდიანტი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, გასულ წელს 80 ქართველი ახალგაზრდა ჩავიდა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად. მისივე თქით, განათლების სფეროში მოწერილი მემორანდუმი აშშ-ში იმ სტუდენტების რაოდენობას გააორმაგებს, რომლებიც ამერიკაში სასწავლებლად სტიპენდიას მიიღებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით,

ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

"განათლების მიმართულებით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. გაფორმდა მემორანდუმი ”ფულბრაიტის” სკოლასთან, ორმაგდება საქართველოს მოქალაქეებისთვის დაფინანსება. ფაქტობრივად ქართველ სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტებს, ორჯერ მეტ ადამიანს ექნება საშუალება ისარგებლოს ამ დაფინანსებით, იმისთვის, რომ გაიღრმაოს ცოდნა ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამ დრომდე დაახლოებით 6-8 სტუდენტი ფინანსდებოდა, მომავალში კი დაახლოებით 12-16 სტუდენტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მოიცავს თითქმის ყველა პროფესიას.

”ფაქტობრივად ეს არის თანადაფინანსება. ვინაიდან ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ფონდის ბიუჯეტის გარეთ დარჩენილ თანხას ჩვენ გადავიხდით”, - აღნიშნა ჯეჯელავამ.