მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონებისთვის სპეციალური წესი შეიქმნება

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონებისთვის სპეციალური წესი შეიქმნება. მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დადგენილების პროექტს განიხილავს „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

„ეს არის ფიზიკურ პირთათვის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. მოგეხსენებათ, რომ მთელ რიგ მაღალმთიან რაიონებს ის მიწის რეფორმა, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს გატარდა, არ შეხებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეული დისპროპორცია და უსამართლობა გამოსასწორებელია, ამიტომ მთელ რიგ რაიონებსა და სოფლებში - მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, უკანა ფშავის, ანანურის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რაიონებში მცხოვრებლებისთვის, ვინაიდან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში, მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და რეგიონების მცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.