სამშენებლო-სარემონტო ფირმები შეკვეთების შემცირებას უჩივიან

ზაფხული საუკეთესო პერიოდია მშენებლობებისა და საცხოვრებლის გასარემონტებლად.

თუმცა როგორც სამშენებლო-სარემონტო ფირმებში აცხადებენ, წელს საუკეთესო სეზონი ნამდვილად არა აქვთ, რადგან გასულ წლებთან შედარებით შეკვეთები შეუმცირდათ, მათი შემოსავალი კი, სწორედ შეკვეთების რაოდენობასთან არის დაკავშირებული.

"ბიზნესპრესნიუსი" სამშენებლო-სარემონტო კომპანია "მერიდიანის" დირექტორს, ლაშა ჩიტაძეს ესაუბრა, რომელმაც ამ ბიზნესის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება:

"საერთოდ, ზაფხულის პერიოდი ჩვენი ბიზნესისთვის ძალიან დატვირთულია. ზამთარშიც კი ვმუშაობთ, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება, რადგან ზამთარში რემონტის ჩატარების მსურველი ცოტაა, უბრალოდ, ჩვენ დიდ პროექტებზეც ვმუშაობთ, რომლებიც დიდხანს გრძელდება. ჩემი დაკვირვებით, წელს საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ გვექნება, რადგან კლიენტურა შეგვიმცირდა და შესაბამისად, შემოსავალიც ნაკლები გვაქვს. ჩვეულებრივი ტემპით ვმუშაობთ, თუმცა წინა წლებში უკეთესი მდგომარეობა გვქონდა", - ამბობს "მერიდიანის" დირექტორი.

ლაშა ჩიტაძის თქმით, ამ სფეროში კონკურენცია დიდია, მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც მუშაობა უჭირთ, ლარის კურსის ცვალებადობაა.

"ჩვენს სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ ამას ჯერჯერობით ვუძლებთ. ვფიქრობ, რომ შეკვეთების შემცირება ლარის არასტაბილურმა კურსმა გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ საქართველო სარემონტო მასალებს არ აწარმოებს, ძირითადი მასალები იმპორტირებულია და უცხო ქვეყნებიდან შემოდის. აქედან გამომდინარე, დოლარი დღეს თუ 2,20 ლარი ღირს და ერთი კვირის შემდეგ - 2,38, ეს საქმეს იმპორტიორსაც ურთულებს და მასალების მყიდველსაც. კლიენტურაც თავს იკავებს: ურჩევნია რაღაცის აშენება ან რემონტი შემდეგისთვის გადადოს, რადგან სტაბილურ მდგომარეობას ელოდება. ჩვენ კი, ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო ხარჯთაღრიცხვასაც ძლივს ვაკეთებთ: საბუთებზე ხელის მოწერას ვერ ვასწრებთ და რამდენიმე დღეში კურსი უკვე შეცვლილია", - აღნიშნავს ლაშა ჩიტაძე.

სამშენებლო-სარემონტო ფირმების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლარის მერყეობა ყველაფერზე მოქმედებს, ყველაზე მეტად კი - მათ ბიზნესზე, რადგან ის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. თუმცა შპს "ოლ-პი ჯგუფის" დირექტორმა, ვასილ რაზმაძემ, ჩვენთან საუბრისას სხვა მიზეზიც დაასახელა.

"ვალუტის კურსი ყველა ქვეყანაში იცვლება და ჩემი აზრით, ამას ნაკლები გავლენა აქვს ჩვენს საქმიანობაზე. მთავარი მიზეზი გაზრდილი კონკურენციაა: ბოლო წლებში საქართველოში შემოვიდა ბევრი უცხოური კომპანია. ისინი ჩვენს ბაზარზე დიდ გავლენას ახდენენ და მყარი ვალუტა გააქვთ საქართველოდან. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ადგილობრივი ფირმებისთვის მთავარი პრობლემა. ძალიან ბევრი თურქული და აზერბაიჯანული კომპანია საქმიანობს თბილისსა და ბათუმში, არადა, ყველამ ვიცით, რომ სამშენებლო-სარემონტო ბიზნესი ამ ქალაქებში ყველაზე მეტად არის განვითარებული", - ამბობს ვასილ რაზმაძე.

ვასილ რაზმაძის თქმით, ადგილობრივი ფირმები მათ ვერც ფასით შეეჯიბრებიან და ვერც დაფინანსებით.

"უცხოურ ფირმებთან კონკურენციის გაწევა ძნელია, რადგან საქართველოში ყველაზე ხშირად დაბალი ფასი იმარჯვებს. ეს ჩვენთვის ყველაზე რთული მომენტია. თანაც, კლიენტების მოთხოვნების შესრულებაც საკმაოდ რთულია: ყველას სურს შესრულებული სამუშაო ხარისხიანიც იყოს, იაფიც და თან, სწრაფად დასრულდეს. მოკლედ, ქართველი კლიენტები "ხრუშჩოვის პრინციპით" მუშაობას მოითხოვენ, რაც ხშირად არ ამართლებს. ალბათ ოჯახში ყველას გაუკეთებია რემონტი და იცის, რომ დაბალი ფასი შესრულებული სამუშაოს ხარისხზეც აისახება და ვადაზეც", - აცხადებს ვასილ რაზმაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე