რესტორნები იაფი ნედლეულით მარაგდება

საკვებით მოწამვლის შემთხვევები ძალიან გახშირდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, რისკის ქვეშ რესტორნების კლიენტებიც არიან. მარტო ივნისში თბილისსა და რეგიონებში მდებარე მსხვილ სარესტორნო ქსელებში მასობრივი ინტოქსიკაციის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების ინფორმაციით, გაუხმაურებელი ფაქტები შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. მათი ვარაუდით, რესტორნები შესაძლოა, იაფად შეძენილი პროდუქტებით მარაგდებოდეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით კონტროლი გაამკაცრეს როგორც მთავარ მაგისტრალებზე, ასევე ტურისტულ რეგიონებში. მასობრივად მოწმდება საზოგადოებრივი და სწრაფი კვების ობიექტები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურიშვილის ინფორმაციით, ინტენსიურად მოწმდება სურსათის უვნებლობა და ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მისი თქმით, მომხმარებელმა სურსათის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებზე და აქტიურად ითანამშრომლოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე.

"კვების ობიექტების შემოწმებასთან ერთად, ხდება თავად ბიზნესოპერატორების ინფორმირებაც სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არის დარღვევები და სააგენტოს რეაგირებაც არის ოპერატიული.

ბოლო დროს გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, ზოგ შემთხვევაში ჯარიმაც დაეკისრა ობიექტს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ლაბორატორიული კვლევის პროცესი მიმდინარეობს. საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლის რაოდენობა ავტომაგისტრალებზე საკმაოდ მაღალია. ამიტომ გზაზე მდებარე კვების ობიექტებში, შემოწმების პროცესი გააქტიურდა", - აცხადებს ჩეკურიშვილი.

სპეციალისტების ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რესტორნები გარე ვაჭრობაზე ნაყიდი სურსათით მარაგდებოდეს, რაც ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია მიიჩნევს, რომ სარესტორნო ბიზნესი განსაკუთრებით უნდა კონტროლდებოდეს იმისდა მიუხედავად, რესტორანი ხუთვარსკვლავიანია თუ დაბალი კატეგორიისა.

"რესტორნების უმეტეს ნაწილში, ელემენტარულად, ჰიგიენის წესები არ არის დაცული. ცხადია, რომ ამ დაწესებულებებში ძვირიან პროდუქტს თითქმის არავინ ყიდულობს, ცდილობენ, ეკონომია გასწიონ და გარე მოვაჭრეებისგანაც არ ერიდებიან სურსათის შეძენას. ამას მასობრივი ინტოქსიკაციების სიხშირეც მოწმობს. სურსათის უვნებლობის სამსახური რესტორნებს რეგულარულად უნდა ამოწმებდეს. მესმის, რომ კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ არასაკმარისია.

ხშირად უმაღლესი დონის რესტორნებში ისეთ პროდუქტს გვთავაზობენ, რომელიც ამ კატეგორიის დაწესებულებაში არ უნდა იყიდებოდეს. მომხმარებელი აბსოლუტურად დაუცველია, მაგრამ არავინ ჩივის. ბევრი შემთხვევა არც ხმაურდება, თუ მასობრივ ინტოქსიკაციას არ აქვს ადგილი.

წარმოდგენაც ზედმეტია იმ პირობებზე, რაც გარე ვაჭრობებზეა. საღამოობით რომ გაიაროთ ასეთ ტერიტორიებზე, ნაგავსაყრელს მოგაგონებთ. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ასეთ ადგილებში ნაყიდი პროდუქტი მომხმარებელს საფრთხეს უქმნის", - აცხადებს შენგელია.

სპეციალისტების შეფასებით, საშიშია ყველა პროდუქტი, რომელიც უხარისხოდ და სტანდარტების გაუთვალისწინებლად მზადდება. ამიტომ საფრთხე ყველა მიმართულებითაა. სურსათის სფეროს სპეციალისტი, "მომხმარებელი.გე"-ს წარმომადგენელი ეთერ სარჯველაძე არსებულ საფრთხეს ხშირად შენახვის პირობებისა და ვადების დაუცველობას უკავშირებს. მისი თქმით, მომხმარებელი ფრთხილი უნდა იყოს როგორც გარე ვაჭრობაზე პროდუქტის შეძენისას, ასევე კვების ობიექტებშიც, სადაც შეიძლება ვადაგასული საკვები იყიდებოდეს.

"ზაფხულში ძალიან მალე ფუჭდება პროდუქტი. ამ მხრივ რესტორნებიც სცოდავენ და ამ ფაქტს ვერ გავექცევით. შეიძლება, ჩაბრუნებულ პროდუქტს ყიდიან, არ იცავენ შესაბამის ტემპერატურას ან შეიძინეს უკვე გაფუჭებული საკვები. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, დადასტურებული ოფიციალური მონაცემები არ მოგვეპოვება, რის გამოც ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ.

უკვე მეათასედ ვიმეორებ, რომ შუა ზაფხულში ქუჩაში პროდუქტს ნუ იყიდიან! ხილი და ბოსტნეული ამ მხრივ ნაკლებ რისკს შეიცავს, მაგრამ ხორცეულისა და რძის პროდუქტების ყიდვას უნდა მოერიდონ. ახლა არის კოლიბაქტერიების "აყვავების პერიოდი", რომელიც სიბინძურისგან მოდის. ყველაზე დიდი რისკი ამ სეზონზეა. ტენიანობაც მაღალია და ყველა პირობაა იმისთვის, რომ მიკროორგანიზმები სწრაფად განვითარდნენ. შეიძლება, ეს პათოგენურ მიკრობებსაც შეეხოს, რომლებიც ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საშიშია", - განმარტავს სარჯველაძე.

მისი თქმით, ნებისმიერი პროდუქტის რეალიზაციისას აღმოჩენილ დარღვევებზე თანაბრად არიან პასუხისმგებელი მეწარმე და რეალიზატორი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"