ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ბრიუსელიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი, ქეთევან ქარდავა იუწყება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს.

კენჭისყრის შედეგები რეკომენდაციად სამოქალაქო თანასწორობისა და მართლმსაჯულების კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია.

საკითხის განხილვა ორივე კომიტეტზე უკვე გაიმართა და წევრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.

4 ივლისს საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ანგარიში წარადგინა და ევროპელ დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.