გალში დე-ფაქტო ხელისუფლებამ თხილის ბიზნესის ტოტალური გაკონტროლება დაიწყო

ბოლო რამდენიმე დღეა თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა.

ადგილობრივების თქმით, ფასი კიდევ 1 ლარით შემცირდა და 2, 40 ლარი გახდა. თხილის ფასის მკვეთრმა ვარდნამ სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო გალის რაიონის მოსახლეობა, სადაც თხილი ენგურს აქეთ არსებულ ბაზართან შედარებით ყოველთვის იაფი ღირს.

შედეგად, გალის რაიონის მოსახლეობა არჩევანის წინაშე დადგა - ჩააბარონ თხილი ადგილობრივ ბაზარზე, სადაც ფასი მკვეთრად შემცირებულია ან გადმოიტანონ ზუგდიდში რისკის ფასად.

"ბოლო დროს, თხილის ფასის გაიაფებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია ადგილობრივი აფხაზური ხელმძღვანელობა და თხილის ბიზნესის ტოტალური გაკონტროლება დაიწყო. მათი მთავარი მიზანია, გალის რაიონში აღებული თხილის მოსავალი საქართველოს ბაზრებზე აღარ მოხვდეს. ჯერ კიდევ გასული წლის 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეციალურად "საექსპორტო თხილისთვის" ამოქმედდა ახალი "საბაჟო მოსაკრებელი" - 1 კილოგრამ გაურჩეველ თხილზე 25 რუსული რუბლი, ანუ დაახლოებით 90 თეთრი, ხოლო 1 კგ. გარჩეულ თხილზე -35 რუსული რუბლი, დაახლოებით 1 ლარი და 6 თეთრი. ისედაც თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა და წარმოიდგინეთ, ჩვენი მდგომარეობა - ან იქ უნდა ჩავაბაროთ ძალიან დაბალ ფასად, ან ზუგდიდში უნდა გადმოვიტანოთ, მაგრამ გაყიდული თხილის საფასურის ნახევარი თანხა. ე.წ. მებაჟეებს უნდა დავუტოვოთ", - ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ თაგილონში მცხოვრები.

მისივე თქმით, თხილის რეალიზატორები ადრე შემოვლითი გზებით ცდილობდნენ ზუგდიდის ბაზრამდე ჩაღწევას, სადაც თხილის ადგილობრივ მწარმოებლებთან შეთანხმებული იყვნენ.

"გალის თხილის ხარისხი მათთვის ცნობილია და ხვეწნა არასდროს გვიწევდა, მაგრამ ბოლო დროს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან გამკაცრდა ზომები, მოგეხსენებათ თურქი ბიზნესმები აქაც გადმოდიან და ისინი ცდილობენ, თხილი მათ ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, იქ ჩამოსული თურქი ბიზნესმენი დაბალ ფასს გვთავაზობს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. თუმცა, ზოგჯერ იძულებული ვართ, მაინც ჩავაბაროთ", - აღნიშნავს სოფელ თაგილონის მცხოვრები.

გალის რაიონის მოსახლეობის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ასეთი მიდგომა - ე.წ. სახელმწიფო მოსაკრებელი - ეკონომიკურად წამგებიანს გახდის თხილის გალიდან ზუგდიდში ტრანსპორტირებას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და თხილის მწარმოებლები იძულებული გახდებიან ადგილობრივ ბაზარზე ჩააბარონ.

"გალში თხილის ბიზნესი ისე უნდა დაიბეგროს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ წილი მიიღოს, რადგან გალელებს 50 კილოგრამი თხილი ყოველ დღე გადააქვთ საქართველოში. ისინი დღეში რამდენჯერმე გადადიან იქით, რათა თხილის ფასის კიდევ უფრო გაუფასურებამდე მოასწრონ მისი გაყიდვა. ამიტომ მივმართეთ მთავრობას, რომ შემოგვეღო მოსაკრებელი, 2 კილოგრამ თხილზე მეტის გატანის შემთხვევაში", - აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი გალში თემურ ნადარაია.

გალის რაიონის აფხაზური ხელმძღვანელობის თქმით, "კანონის" ასეთი გამკაცრება სხვადასხვა ფაქტორებით იყო გამოწვეული.

"თხილის ექსპორტით ყველაზე დიდ შემოსავალს სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობა იღებს. თუმცა ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც თხილზე ფასმა მოიმატა, გალში აღებული თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სწორედ სამეგრელოში გადაჰქონდათ და ის ავტომატურად, ქართული საექსპორტო თხილის ნაწილი ხდებოდა. გალის რაიონი არის აფხაზეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში და ადგილობრივ კანონი უნდა ვრცელდებოდეს", - აცხადებს გალის რაიონის აფხაზური ხელმძღვანელობა.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში თხილის ექსპორტის ზრდა შეინიშნება, რასაც ხელი შეუწყო მოსკოვის მიერ სოხუმისთვის საბაჟო ინდექსის ღირებულების შემცირებამ. 2015 წლის იანვარ-ივნისში ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 842 ტონა თხილი შევიდა.

ლალი პაპასკირი