2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სულ 115 ინსპექტირება ჩატარდა.
ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სამწლიანი საქმიანობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ანაგრიშის წარდგენისას გახდა ცნობილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამწლიანი ანგარიშის მიხედვით შემოწმდა როგორც საჯარო დაწესებულებები, ისე კერძო ორგანიზაციები. აქედან შემოწმდა საქართველოს პროკურატურა ყველაზე მეტჯერ - ათჯერ, ამის შემდეგ მოდის შს სამინისტრო - შემოწმებულია 8-ჯერ, ხოლო 7-ჯერ შემოწდა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის რაიონული განყოფილების სამმართველოები.
სამწლიანი პერიოდის განმავლობაში შემოწმდა 57 კერძო ორგანიზაციის 904 ობიექტი. კერძო და საჯარო სექტორებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შემდეგი სახეები იკვეთება: პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევა, სუბიექტის ინფორმირების წესის დარღვევა, აუდიო-ვიდეო თვალთვალის წესების დარღვევა, ასევე კომპანიების მიერ მონაცემთა გამჟღავნების წესის დარღვევა, პრინციპების დარღვევა და საფუძვლის გარეშე მონაცემთა დამუშავება.
ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე, სულ გაცემულია 3 614 კონსულტაცია, აქედან კონსულტაციების თემატიკა შემდეგნაირია : მონაცემთა გასაჯაროება, გაცემა, წვდომა; სუბიექტის უფლებები/მონაცემთა უსაფრთხოება; პირდაპირი მარკეტინგი; ფარული საგამოძიებო მოქმედებები. აქედან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მონაცემებით, ყველაზე აქტუალური საკითხები, განცხადებების მიხედვით, არის პირდაპირი მარკეტინგი, მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მოქალაქისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა და მონაცემთა გასაჯაროება.