ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მოწოდებით გამოდიან

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მოწოდებით გამოდიან.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„უვიზო რეჟიმის გამარტივება და ვიზალიბერალიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის არის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტის ცნობით, კენჭისყრაში, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას 43-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგი იყო, 3-მა თავი შეიკავა.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის დაწესება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ უდიდესი სამუშაო შეასრულეს და ახლა შედეგები უნდა დაინახონ. ვუსურვებ ქართველ ხალხს შემდგომ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეს მამიკინსმა.

ევროპარლამენტის ცნობით, საგარეო საქმეთა კომიტეტი ახლა თავის მოსაზრებებს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტს გადასცემს, რომელიც საქართველოსთვის, უკრაინასა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ზაფხულის არდადეგების შემდეგ უყრის კენჭს.