"თიბისი ბანკი" სადაზღვევო ბიზნესით დაინტერესდა

გავრცელებული ინფორმაციით, თიბისი ჯგუფი სადაზღვეო ბიზნესში შესვლას აპირებს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა, თიბისი ჯგუფის მიერ ახალი სადაზღვევო კომპანიის შექმნის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ბუცხრიკიძის განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

,,ამ დროისთვის თიბისი ბანკში არაერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი იყიდება და ბანკის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ეს სფერო მისთვის საინტერესოა”, - აცხადებენ თიბისი ჯგუფში.

თიბისი ჯგუფის სადაზღვეო ბიზნესში შესვლის გადაწყვეტილებას სადაზღვეო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი მიესალმება. ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას გიგოლაშვილი აღნიშნავს, რომ ქართული სადაზღვეო სისტემა ახალი მოთამაშის მიღებისთვის მზადაა და სფეროში კონკურენციის გაზრდა მომხმარებელთათვის შეთავაზებული პაკეტების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

,,თიბისი ბანკი მსხვილი ფინანსური დაწესებულებაა. სადაზღვეო ბიზნესით იმ ბანკის დაინტერესება, რომელიც ასეულობით ათას კლიენტს ემსახურება, სრულიად ნორმალურია. ეს ჩემი შეფასებაა, ჯერ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა, ფაქტია, რომ მხოლოდ საკუთარ კლიენტებზე კონცენტრირების შემთხვევაშიც კი თიბისი ჯგუფს საკმაოდ კარგი პორტფელი ჩამოუყალიბდება. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი კრედიტიც გაიცემა ბანკში იპოთეკარზე, იმდენი ბინა და სხვა უძრავი ქონება იქნება მანდ დაზღვეული. ავტომობილისთვის კრედიტის გაცემისას, ავტომობილს დააზღვევენ, ბანკიდან კრედიტის აღების შემთხვევაში კრედიტორის სიცოცხლის დაზღევა მოხდება. ასევე გირაოში ჩადებული ქონების და სხვა,”-განმარტავს გიგოლაშვილი.

სადაზღვეო ინსტიტუტის პრეზიდენტის განცხადებით, ერთ-ერთი ლიდერი ბანკის მხრიდან ამ სექტორით დაინეტრესება მიზანშეწონილია და ამავდროულად, აღნიშნულს კანონმდებლობა არ კრძალავს.

ამ ეტაპზე ქართულ სადაზღვეო სექტორში 14 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი.

ქრისტინე გამთენაძე