ესპანური კომპანია რაჭაში ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას გეგმავს

ესპანური კომპანია რაჭაში ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას გეგმავს, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე მსოფლიოში აღიარებული გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელი ესპანური კომპანია Relais of Termal Group-ის გენერალურ დირექტორს ფერნანდო ფრაილე გარსიას და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

ესპანეთის დელეგაციის წევრები რაჭას საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. შეხვედრის ძირითად მიზანს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები წარმოადგენდა. გუბერნატორმა სტუმრებს მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და მათთან ერთად რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი მიმოიხილა.

ესპანური მხარე აქცენტს უწერის საკურორტო ზონის განვითარებზე აკეთებს, რაც ბალნეოლოგიური-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას და მის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს.

”რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მდიდარია კურორტებითა და საკურორტო ადგილებით, სადაც ასამდე სამკურნალო-მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. გარდა ამისა, არსებობს უაღრესად საინტერესო ისტორიულ-კულტურული ძეგლები მღვიმეები, ულამაზესი ტბები და წყალსაცავები. მხარეში არსებული პოტენციალი და მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროექტები მიმზიდველ გარემოს ქმნის ინვესტორებისთვის და ქმნის რეალურ წინაპირობას წარმატებით გავითარდეს ტურიზმის თითქმის ყველა სახეობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.