"ბიბისი" - რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ კანადაში ცხოვრებას გადაწყვეტთ

როგორ გადავიდეთ კანადაში საცხოვრებლად? - ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკელები და ბრიტანელები ყველაზე მეტად „გუგლში“ სწორედ ამ ინფორმაციას ეძებენ.

„ბიბისის“ ცნობით, ამერიკელთა უმრავლესობა კანადაში საცხოვრებლად გადასვლით მას მერე დაინტერესდა, რაც დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკელთა“ 11 პრაიმერისიდან 7-ში გაიმარჯვა. ბრიტანელები კი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შემდეგ დაფიქრდნენ კანადში ცხოვრების გაგრძელებაზე.

კანადაში ცხოვრების გაგრძელების მსურველთათვის „ბიბისი“ სტატიას აქვეყნებს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უსვამს ხაზს.

ხარჯები

კანადაში ყოველდღიური საკვების ფასი კანადის დოლარის ამერიკულ დოლართან კურსის მიხედვით იცვლება. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ხილისა და ბოსტნეულის დიდი ნაწილი იმპორტულია, ბაზარი კურსის ცვლილებისადმი მგრძნობიარეა.

„ამერიკასთან შედარებით ბენზინი უფრო ძვირია. ბრიტანეთთან შედარებით კი ლუდი, ღვინო და სპირტიანი სასმელები გაცილებით მეტი ღირს, რადგან როგორც ბენზინი, ისიც მაღალი პროცენტით იბეგრება“, - წერს „ბიბისი“.

უძრავი ქონების ბაზარი

სტატიის თანახმად, ვანკუვერსა და ტორონტოში სახლის ყიდვა ძალიან დიდი ფუფუნებაა. ბინის საშუალო ფასი ვანკუვერში, წინა წელთან შედარებით, 32 პროცენტით გაიზადა და 917 800 დოლარს მიაღწია. ტორონტოში სახლის საშუალო ფასი 775 4000 დოლარია, რაც 2015 წელთან შედარებით, 17%-ით მეტია.

უთანასწორობა

როგორც „ბიბისის“ სტატიაშია ნათქვამი, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, კანადაშიც დოვლათი სუპერ მდიდრებს შორის ნაწილდება. პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო საარჩევნო კამპანიაში სწორედ ამის დარეგულირებას ჰპირდებოდა მოსახლეობას. მისი მთავრობის წინა ბიუჯეტი მხოლოდ იმ ადამიანებს ბეგრავდა, ვისი შემოსავალიც 45 000 და 90 000 დოლარი იყო. თუმცა ოპონენტებმა აიძულეს მთავრობა, უფრო მეტად დაებეგრა მაღალი შემოსავლები.

პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო პოპულარობის პიკში აირჩიეს. მედიის ინტერესი 44 წლის ათლეტური და ფოტოგენური მინისტრის მიმართ მაღალია.

”ტრუდოს მოუწევს დაუმტკიცოს მთავრობის წევრებს, ხალხს და საერთაშორისო ლიდერებს, რომ სიმპათიური გარეგნობის გარდა, რეალური საქმის კეთებაც შეუძლია“, - ამბობს კანადელი მწერალი და ბლოგერი ლორენ მისირვი.

„ბიბისი“ ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ დადებით მიზეზებზე, რის გამოც ხალხი კანადაში საცხოვრებლად გადადის: ჯანსაღი ცხოვრების წესი; ჰაერის კარგი ხარისხი; ბუნება; მეგობრული რეპუტაცია; ლგბტ თემის უფლებები; ხანგრძლივი დეკრეტი; შესაძლებლობები ქალებისთვის (ყველა საკითხი გენდერულად დაბალანსებულია).