საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება

საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება. სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე კი, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა.

„როგორც მოგეხსენებათ, კერძო ანალიტიკოსების და ასევე, სახელმწიფო სექტორის მიერ საგზაო უსაფრთხოების დონესთან დაკავშირებით რიგი ანალიზი განხორციელდა. აუცილებელი და გარდაუვალია მაღალი სტანდარტის შემოღება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ დაცულობას. ამავე დროს, ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ის, რომ იქმნება შესაბამისი უწყებათაშორისო ჯგუფი, რომელიც ზოგადად შეიმუშავებს იმ აუცილებელ, გრძელვადიან სამოქმედო გეგმას, რომლითაც განხორციელდება სტანდარტის ამაღლება. მსოფლიოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აუცილებელია მთელ რიგ სექტორებში - მართვაში, ინფრასტრუქტურაში, საავტომობილო პარკში, ლიცენზიების სტანდარტებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ქცევის წესებში, ჯანდაცვის სისტემაში - განხორციელდეს გრძელვადიანი ინვესტიციები, რათა ამ დარგებმა კოორდინებულად იმუშაონ და ხელი შეუწყონ როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე ამ საბოლოო მიზნის - გზებზე უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლების მიღწევა“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ოთარ იაშაღაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.