გარემოვაჭრეები რიყეზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

გარემოვაჭრეები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ რიყეზე ვაჭრობა აუკრძალეს, აქციების გამართვით იმუქრებიან.

როგორც მოვაჭრეებმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნეს, მერიის შესაბამისმა სამსახურმა მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება 3 ივლისიდან აღარ მისცა.

,,რამდენიმე დღით ადრე ჩამოგვიარეს და გვითხრეს ამ აკრძალვის შესახებ. დეტალები ჩვენთვის არ განუმარტავთ. ჩვენ აქ მალფუჭებად პროდუქციას არ ვყიდდით. მთელი ზამთარი გარეთ ვიყავით და ვვაჭრობდით. ახლა კი, როცა აქტიური ტურისტული სეზონია და 10-15 ლარი შეგვიძლია წავიღოთ ოჯახებში, ვაჭრობას გვიკრძალავენ”, - აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ნინო ჭელიძე.

მისი ინფორმაციით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მერიას ადგილზე საკუთარი ინტერესები აქვს.

,,რაღაც შეფუთული დანადგარი აქვთ მოტანილი. ჯერ არ ვიცით მასში რა არის, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ მერიას აქ სხვა ინტერესები ამოძრავებს. გარევაჭრობა მთელ თბილისშია და მხოლოდ ეს ტერიტორია და ჩვენი აქ ყოფნა ნამდვილად არ ამახინჯებს ქალაქს”, - აცხადენს ნინო ჭელიძე.

საკითხის გასარკვევად ,,ბიზნესპრესნიუსი” დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიაში განაცხადეს, მერია ალტერნატიულ ფართს სთავაზობს გარემოვაჭრეებს.

მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ რიყეზე გარევაჭრობით დედაქალაქის იერ-სახე მახინჯდება.

,,იქ იყიდება პროდუქტი, მათ შორის კვების პროდუქტი. გარდა ამისა, დედაქალაქის იერსახე მახინჯდება. ამ მიზეზთა გათვალისწინებით, ბაზრების მეპატროეები მზად არიან, მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზონ. რაც შეეხება ბრალდებას მერიის ინტერესთან დაკავშირებით, მერიას ამ ტერიტორიაზე არანაირი ინტერესი არ გააჩნია. გარდა იმისა, რომ პროცესი არ იყოს ჯანმრთელობისთვის საშიში”, - აცხადებს ლექვინაძე.

გარემოვაჭრეთა ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს მერიას განცხადებით, თუმცა შესაბამისი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ქრისტინე გამთენაძე