მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები, შესაძლებლობა ეძლევათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირონ.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ იაშაღაშვილმა განუცხადა, ამ პროგრამით დაეხმარებიან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში წლების წინ ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მაგრამ მინიმუმ 15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ და განკარგავენ ამ ქონებას.

”ამ ეტაპისთვის, დანართით განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. ამ ეტაპზე საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე და ეს სია კიდევ გაიზრდება“, - აღნიშნა ოთარ იაშაღაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს არის ამ ეტაპზე შერჩეული ის მუნიციპალიტეტები, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. შესაბამისად, იგეგმება აღნიშნული სიის განახლება იმ მაღალმთიანი დასახლებების მიხედვით, სადაც ეტაპობრივად დამტკიცდება განაშენიანების რეგულირების გეგმა.

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მისაღებად, დადგენილებით განსაზღვრული მაღალმთიანი რეგიონის კონკრეტულ სოფელში მცხოვრები დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და წარუდგენს იმ დოკუმენტაციას, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული და გამოქვეყნდება საინფორმაციო საშუალებებით.

განაცხადის შეტანის შემდეგ მოწვეული იქნება დასახლების საერთო კრება, რომელმაც უნდა დაადასტუროს დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად ფლობა, ამის შემდეგ მოხდება შუამდგომლობა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან და უკვე საბოლოოდ განხორციელდება დაინტერესებული პირისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა მთაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან ხშირად მიწასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. შესაბამისად, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ მათ მიეცემათ საშუალება, გახდნენ მიწის ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელები, მოაქციონ საკუთარი ქონება სამოქალაქო ბრუნვაში და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა“, - განაცხადა იაშაღაშვილმა.

მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური 1,2 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე განისაზღვრება სიმბოლური ფასით - ერთი ლარით, ხოლო 1,2 ჰა-დან 5 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის შემთხვევაში საფასური შეადგენს ფიზიკური პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას.