მთავრობამ ,,ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისთვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე’’ განკარგულების პროექტი დაამტკიცა

მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი კომპონენტის, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, მთავრობის სხდომაზე ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარების განკარგულების პროექტი დამტკიცდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება მოხდება მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების - დიდი მიტარბის გათვალისწინებით.

ბოლო წლების განმავლობაში ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე მიმდინარე აქტიური სამშენებლო საქმიანობების ფონზე და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის სისტემური რევიზიისა და განახლების საკითხი.

ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი არეალი, სადაც დაშვებულია განაშენიანება, თითქმის სრულად ათვისებულია. შესაბამისად, იმისთვის, რომ არ მოხდეს მომიჯნავედ არსებული ტყის ფონდისა და რეკრეაციის ქაოსური განაშენიანება, ასევე ხელი შეეწყოს კურორტის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას, სივრცითი დაგეგმარების კუთხით ყალიბდება ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარების ერთიანი ხედვა.

უსისტემო და არაგეგმაზომიერი განაშენიანებისა და ტყის ფონდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, სრულფასოვანი სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციის შემუშავება.

”ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მიღებით დადგინდება ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისთვის დასაგეგმარებელი ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრები და მოხდება ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა.