სვანეთში ევროპელი ტურისტების რიცხვი გაიზარდა

ზოგიერთ საოჯახო სასტუმროში ნომრები ოქტომბრამდე დაჯავშნილია

წელს სვანეთში უცხოელი ტურისტების უჩვეულო სიმრავლე იგრძნობა. ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მფლობელთა თქმით, ტურისტების მეტი წილი ევროპის ქვეყნებზე მოდის.

"წლევანდელი სეზონი გაცილებით ადრე დაიწყო: შარშან მაისის შუა რიცხვებიდან მივიღეთ პირველი დამსვენებლები, წელს კი - აპრილიდან. მესტიაში ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს. აშკარად მომრავლდნენ სტუმრები ევროპის ქვეყნებიდან: ხშირად ჩამოდიან პოლონელები, ჩეხები, ფრანგები, გერმანელები, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს ბალტიის ქვეყნებიდანაც. როგორც წესი, ევროპელ ტურისტებს ნომრები რამდენიმე თვით ადრე აქვთ დაჯავშნილი, ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ბევრ საოჯახო სასტუმროს ინტერნეტში უდევს თავისი მონაცემები, ტურისტულ კომპანიენთანაც აქვთ კონტაქტი და ძალიან კარგად მუშაობენ. ჩვენთან, მაგალითად, ოქტომბრის ბოლომდე ნომრები უკვე დაჯავშნილია. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა საოჯახო სასტუმროებშიც", - აღნიშნა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას სასტუმრო „უშბას“ მფლობელმა თეა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, უცხოელები მესტიაში 2-3 დღით რჩებიან. როგორც ჩანს, მათთვის საოჯახო სასტუმროების ფასიც ხელსაყრელია და ჩვეულებრივ, ოჯახურ გარემოში დასვენებაც.

„ამ დღეებში 2017 წლის ჯავშანიც კი მივიღე წინასწარ“, - აცხადებსა საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

ხათუნა ჩიგოგიძე