იპოთეკით დაზარალებულთა არმია მთავრობას უპირისპირდება

ბათუმი, ქუთაისი, თბილისი - იპოთეკარები მასობრივ შეტევას იწყებენ და მთავრობას მათი პრობლემის მოგვარებას კატეგორიულად სთხოვენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მათი პირობა, ძირითადად, ორია: გამოსახლებული ადამიანებისთვის თავშესაფრის გადაცემა და მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ შერჩა უძრავი ქონება, დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხის გაცემაზე ბანკებთან შუამდგომლობა.

იპოთეკარების აქციები აჭარიდან დაიწყო. დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობასა და დაბალპროცენტიანი სესხის დამტკიცებას სთხოვს. მათი ინფორმაციით, დაზარალებულთა სიები ბანკებს გადაეცა, თუმცა საკითხის გადაწყვეტა რა ფორმით მიმდინარეობს, ან საერთოდ განიხილება თუ არა, ამის შესახებ არაფერი უწყიან.

აქციის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურთან არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მან თანამდებობა ისე დატოვა, რომ აქციის მონაწილეებს სიახლოვეს არ გაკარებია.

"არის ინფორმაცია, რომ ჩვენი სიები ბანკს გადაეცა, მაგრამ ვერ გავიგეთ, რა შუამდგომლობით გადაეცა. მივიდეთ ბანკში და უარყოფითი პასუხით დავბრუნდეთ? ჩვენ გვინდა, ოჯახები გადავარჩინოთ", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილე ირმა მიქელაძემ. თავად აქციის მონაწილეთა მიერ შედგენილი სიის მიხედვით, იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვი, დაახლოებით, 90 ოჯახია.

ქუთაისში კი იპოთეკით დაზარალებულებმა დახმარება გუბერნატორს სთხოვეს და მის სახელზე წერილობითი მიმართვაც დაწერეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ზუსტად 4 წლის წინათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათ დახმარებას დაპირდნენ, რაც გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხების გაცემას გულისხმობდა. ერთი საარჩევნო ციკლის პერიოდში ეს საკითხი ვერ მოგვარდა და ახლა უსახლკაროთა არმიასთან შეერთება იმერეთში კიდევ 4 ოჯახს ემუქრება. იპოთეკარები ამბობენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი აქციების გზას მიმართავენ.

იმერელმა იპოთეკარებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მათ მიერ გაგზავნილ წერილზე პასუხი კი მიიღეს, თუმცა იგი არც ისე დამაიმედებელია. ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ იპოთეკართა პრობლემას საქართველოს პრემიერ-მინისტრს გააცნობს.

"იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილობითი მიმართვა აიპი "დაზარალებულთა ცენტრის" მიერ. აღნიშნული თემა ცნობილია, ჩვენ იპოთეკით დაზარალებულების მდგომარეობას შევისწავლით და მიღებულ ინფორმაციას მივაწვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას", - აღნიშნულია იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ კი აქციების ტალღა თბილისში გაგრძელდა, ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეები კანცელარიაში შესვლასაც ცდილობდნენ, თუმცა მათი მცდელობა დაცვის წევრებმა აღკვეთეს. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით აქციის რამდენიმე მონაწილემ შენობაში შესვლა მაინც მოახერხა. საქართველოში საბანკო-სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მალისა ჯაფარაშვილის ინფორმაციით, 2 თვეში 80 ათას ოჯახს ემუქრება გამოსახლება. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი, საქართველოში 59 ათასი ოჯახია ქუჩაში მიტოვებული.

"ჩვენ ვაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე გამოსახლების პროცესს, რომელიც ძალიან ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს. გვაქვს კულუარული ინფორმაცია აღსრულების ბიუროდან, რომ აგვისტოს ბოლომდე უნდა დამთავრდეს გამოსახლების პროცესი. ამიტომ დღე ისე არ გავა, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, საკუთარი სახლი ვინმეს არ დაატოვებინონ. ეს კეთდება მიზანმიმართულად", - ამბობს ჯაფარაშვილი და ეჭვობს, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს და ქვეყანა "რევოლუციისკენ მიჰყავს".

"გამოსახლება ხდება კერძო სახლებიდან სააღსრულებლო ბიუროს მიერ. საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულ ხალხს 2000 დოლარის გამო ართმევენ უზარმაზარ ქონებას. ხელისფლება არ იღებს არანაირ კანონს. რას აპირებს მთავრობა ბოლოს და ბოლოს, აპირებს თუ არა მთლიანად გააჩანაგებინოს და გაანადგურებინოს ქართველი ერი საბანკო სისტემას? თუ არ გააჩერებენ გამოსახლებას და ხალხს უსახლკაროს სტატუსს მიანიჭებენ, ისინი განწირულნი არიან. უმრავლესობას მისამართიც არ აქვს, ელემენტარულად არჩევნებში ხმას ვერ დააფიქსირებენ", - აცხადებს მალისა ჯაფარაშვილი.

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში იპოთეკით დაზარალებულთა და უსახლკაროების აქციის ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი, რამდენიმე ადამიანთან ერთად, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ნათია მიქელაძეს შეხვდა.

"მათ ავუხსენით უსახლკაროთა პრობლემა, შესაბამისად, მივიღეთ დაპირება, რომ მომდევნო ხუთშაბათამდე შეხვედრა შედგება ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად. ძალიან სავალალო ვითარებაა. დაახლოებით 3000-ზე მეტი თბილისში მცხოვრები უკვე გამოსახლებულია. 2012-დან 2015 წლამდე 11 ათასმა ადამიანმა დაკარგა სახლ-კარი და 86 ათასი მოქალაქე ელოდება გამოსახლებას. ეს არის რეესტრის მონაცემები", - აღნიშნა სადღობელაშვილმა და დასძინა, რომ უსახლკაროებს ბინები უნდა გადაეცეთ.

დაზარალებულები მორიგი აქციის გამართვას მომდევნო ხუთშაბათს გეგმავენ.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"