გარემოს დაცვის სამინისტრო - ქვეყანაში გაფრქვეული დამაბინძურებლების უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შეხვდა.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მისი ზეგავლენის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა გარემოს და ბუნებრივი რესურების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოვიზია“, „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“, მწვანე ალტერნატივა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ჰაერის ხარისხის არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სექტორიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფის ინტენსივობისა და მოცულობის შემცირების გზები განიხილეს.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გაფრქვეული დამაბინძურებლების უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის. ამ მხრივ, ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ქვეყნის ავტოპარკის დაახლოებით 40%-ია თავმოყრილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.