"სათვალთვალო კამერები სრული დატვირთვით არ მუშაობს"

საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს, პატრული "მიძინებულია", საგზაო მოძრაობის დარღვევის ამსახველი ვიდეოკამერები კი - გამორთული. მიზეზებსა და ფაქტებზე სასაუბროდ "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს, ტრანსპორტის პროგრამის საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორს, ვასო ურუშაძეს დავუკავშირდით:

- საპატრულო პოლიციის ეფექტურობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მყოფი ყველა პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ ცდილობს მაქსიმალურად მოხსნას სადამსჯელო ღონისძიებები - ყველა ერიდება ამომრჩეველის გაღიზიანებას. არადა, ვხედავთ, რომ მძღოლი აშკარად არღვევს ავტოსაგზაო წესს, იქვე დგას საპატრულო ეკიპაჟი, თუმცა რეაგირება ნულია. ამან გამოიწვია არაკეთილსინდისიერი მძღოლების წახალისება. შედეგად, თითქმის ყოველდღე ვეცნობით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით ვიღაც გარდაიცვალა, დაშავდა და ა.შ.

საპატრულო პოლიცია არ რეაგირებს დარღვევბზე და ასეთი მიდგომით, მუდმივად მზარდი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას მივიღებთ. საპატრულო პოლიციის პოლიტიზირება დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. ისინი უნდა პასუხობდნენ მოთხოვნებს და არა პოლიტიკოსების ახირებებსა და სურვილებს.

რაც შეეხება კამერებს, ჩვენი ინფორმაციით, არ მუშაობს სრული დატვირთვით. მუშაობს მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბების აღმნიშვნელი ე.წ. რადარი, თუმცა შუქნიშნებსა და გზაჯვარედინებზე დარღვევების დაფიქსირება არ ხდება. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს, შსს ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ მძღოლები ამბობენ, რომ მათ დაარღვიეს წესები და ვიდეოჯარიმა არ მიუღიათ. მეც მქონდა შემთხვევა, როცა ტაქსიში ვიჯექი ღამით, მძღოლმა წითელზე გაიარა და შენიშვნა რომ მივეცი, მიპასუხა, - არა უშავს, კამერები მაინც არ მუშაობსო...

დავით მესხიშვილი, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე:

- ქართული რეალობაა, რომ ყოველი არჩევნების წინ პოლიცია ხდება რბილი, ვითომ ლოიალური. ბოლო დროს, საპატრულო პოლიცია, პრაქტიკულად, არ რეაგირებს დარღვევებზე. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს გზაჯვარედინებზე, სადაც მძღოლები საპატრულო ეკიპაჟის ცხვირწინ არღვევენ წესებს. ამან უკვე მძიმე სტატისტიკა მოიტანა - ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 600-ზე მეტი ადამიანი და 10 000-ზე მეტმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. უმთავრესად, სიჩქარის გადაჭარბება ხდება ლეტალური შედეგების მთავარი მიზეზი, რაც უმეტესად, მაგისტრალებზე ხდება. ახლა (ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის მეორე ნახევრამდე) უფრო ინტენსიური გახდება მოძრაობა რეგიონებსა და დედაქალაქს შორის და სამწუხაროდ, დადებით პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. თუ პატრული არ გამოფხიზლდა, ეს პერიოდი საშიში და საგანგაშო იქნება. განსაკუთრებით საშიშია საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მიკროავტობუსები ტექნიკურად გაუმართავი გადიან სადგურებიდან. მაგისტრალზე მათი მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა 120-140 კმ/სთ-ით მოძრაობენ. ამაზე კი საპატრულო პოლიცია არ რეაგირებს.

- საპატრულო პოლიცია არც ქალაქში გვაწუხებს აქტიურობით...

- გუშინ ჩემ თვალწინ საპატრულო ეკიპაჟს მოტოციკლმა ჩაუქროლა, რომელსაც ბაიკერი უჩაფხუტოდ მართავდა. ამაზე საპატრულო პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია. ამასთან, მძღოლები ხშირად კვეთენ უწყვეტ ხაზს, ღერძულა ხაზს, არასწორად ახდენენ პარკირებას, არ ემორჩილებიან შუქნიშანს - პატრული კი დუმს.

ყველა აღნიშნავს, რომ ვიდეოჯარიმების სისტემა აღარ მუშაობს. სავარაუდოდ, კამერები გამორთულია. ყველაზე მძიმე დარღვევაა ისიც, რომ ქვეითად მოსიარულეს გზას არ უთმობს მძღოლი, ამასთან, ქვეითად მოსიარულე გადარბის ყველგან, სადაც კი მოესურვება, პატრული კი კვლავ დუმს. ვფიქრობ, ერთგვარი დირექტივას აქვს ადგილი შსს-ს მთავარი მესვეურების მხრიდან - წინასაარჩევნო პერიოდია და მოდი, ნურავის გავაღიზიანებთ. ეს ვითომ რბილი აქტი ხოცავს ჩვენს მოქალაქეებს - სტატისტიკით ევროპაში პირველები ვართ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების მიხედვით.

ეკა სალაღაია

წუარო: "კვირის პალიტრა"