საია - მცხეთა-მთიანეთში ზოგიერთმა თანამდებობის პირმა იმდენი საწვავი დახარჯა, რომ დედამიწას წრეს დაარტყამდნენ

მცხეთა-მთიანეთის მხარეში ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ 2015 წლის განმავლობაში დახარჯული საწვავის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ეს ავტომობილები დედამიწას წრეს თავისუფალად დაარტყამდნენ , - ამის შესახებ ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა სულხან სალაძემ განაცხადა, რომელმაც კვლევის - "ავტომობილით დედამიწის გარშემო" პრეზეტაცია გამართა.

საია-მ პრეზენტაციაზე 2015 წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მიერ მოხმარებული საწვავის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. როგორც სალაძემ აღნიშნა, საია-მ მცხეთა-მთიანეთის მხარეში ყველა მონაცემი შეისწავლა, გარდა ყაზბეგისა.

სულხან სალაძის განცხადებით, 2015 წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის მხარეში გახარჯულია დაახლოებით, 260 ტონზე მეტი საწვავი, რომლის დიდი ნაწილი ბენზინზე მოდის.

”მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რამდენიმე საყურადღებო ხარვეზი გამოვლინდა. პირველი - ეს ეხება იმას, რომ ქალაქ მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება ავტომობილების მიერ განვლილი მანძილის აღრიცხვა და პრაქტიკულად, შეუძლებელია დავადგინოთ, წლის განმავლობაში ამ ავტომობილებმა რა მანძილი გაიარეს. მეორე - საეჭვოდ მაღალია გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობა. არაერთ შემთხვევაში მაგალითად, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის, ასევე გუბერნატორისა და მისი მოადგილის შემთხვევაში, მათ მიერ დახარჯული საწვავის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ეს ავტომობილები დედამიწას ერთ წრეს თავისუფალად დაარტყამდნენ და თუ დუშეთის გამგებლის მაგალითს ავიღებთ, მეორე წრეზეც წავიდოდა იმ მონაცემებით, რომლებსაც ოფიციალურად კონკრეტული მოდელის ავტომობილები წლის განმავლობაში 100 კილომეტრზე საწვავის სახით მოიხმარენ”, - განაცხადა სალაძემ.

როგორც სალაძემ განაცხადა, მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის განმავლობაში სულ 7174 ლ. ბენზინი დახარჯა, საშუალოდ თვეში - 597.8 ლ. საკრებულოს თავმჯდომარემ კი წლის მანძილზე - 6775 ლ. ბენზინი, საშუალოდ თვეში - 564.58 ლ. ბენზინი.

მისივე თქმით, არასათანადო აღრიცხვის პირობებში ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ საწვავის ხარჯვა ხდებოდეს არარაციონალურად და პირადი მიზნებისთვის.

”ჩვენ მართალია მცხეთა მთიანეთის მხარეს ვსწავლობთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იგივე ან უფრო მწვავე სახით ეს პრობლემები იდგეს სხვა ნებისმიერ სამხარეო ადმინისტრაციაში”, - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, მცხეთა-მთიანეთის მხარესთან მიმართებაში გრძელდება მონაცემების შეგროვება, მათ შორის, მანქანის სათადარიგო ნაწილებთან, პრემია-დანამატებთან მიმართებაში.

ინფორმაციის სრულად შეგროვების შემდეგ საია-ში არ გამორიცხავენ, რომ მასალები აუდიტის სამსახურს და შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნონ.