ისლანდია - პატარა ქვეყანა, საიდანაც მიგრაცია არ ხდება

ისლანდიის მოსახლეობა მხოლოდ 321 ათას ადამიანს შეადგენს, თუმცა ეს პატარა ქვეყანა ბევრისთვის სამაგალითოა.

ისლანდიის ტერიტორია მსოფლიოში 105-ე ადგილზეა მოსახლეობის სიდიდით. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით კი - საპატიო მე-9 ადგილზე.

ისლანდიის ეკონომიკა, დიდწილად, თევზჭერაზეა დამოკიდებული. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა თევზჭერის დარგში მუშაობს. ამჟამინდელი ხელისუფლება აქცენტს ტურიზმის ინდუსტრიაზე აკეთებს.

თევზჭერის შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი დარგი საექსპორტო წარმოება გახლავთ. ქვეყნის ძირითად შემოსავალს ზღვის პროდუქტების ექსპორტი წარმოადგენს. ისლანდია - ევროპის ეკონომიკური ზონისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის აღიარებული წევრია.

ისლანდიის პრეზიდენტი, ოულავიურ რაგნარ გრიმსონი 2016 წლის 1 აგვისტოს პრეზიდენტობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინტერესოა, რომ 2000 და 2008 წლების საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამ პოსტის დაკავება მის გარდა, არავინ მოისურვა. არჩევნები უალტერნატივო იყო.

გრიმსონამდე პრეზიდენტის პოსტს 16 წლის განმავლობაში ვიგდის ფინბოგადოუტირი იკავებდა და მსოფლიოს პირველი ქალი-პრეზიდენტი გახლდათ.

ისლანდიაში არ არის რეგულარული არმია, ქვეყანას NATO იცავს. ძალოვანი სტრუქტურებიდან ისლანდიაში სანაპირო დაცვა და პოლიციაა. სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ისლანდია მსოფლიოს ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წელს, როცა ისლანდიას ფინანსური და საბანკო კრიზისი დაატყდა თავს, ისლანდიამ რუსეთს 4 მილიარდი ევრო სთხოვა, რაზეც რუსეთმა უარი უთხრა. ფინანსურ კრიზისში დამნაშავედ მიჩნეულები კი დასაჯეს: დააკავეს 26 ყოფილი ბანკირი და ფინანსისტი.

ისლანდიიდან მიგრაცია ფაქტობრივად, არ ხდება. თუ ისლანდიელი საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამკურნალოდ მიემგზავრება, აუცილებლად ბრუნდება სამშობლოში. ქვეყნის მცხოვრებლების მხოლოდ 12%-ია საზღვარგარეთ დაბადებული, ნახევარი მათგანი - პოლონელია.

ისლანდიის ენერგეტიკა განახლებადი წყაროების წყალობით გამოიმუშავება. ეს ჰიდროენერგეტიკა და გეოთერმული წყაროები გახლავთ. ისლანდიელებს ცხელი წყალი სწორედ ამ წყაროებიდან მიეწოდებათ.

ისლანდიის კეთილდღეობის მაჩვენებლები საუკეთესო ცხოვრების ინდექსის რეიტინგში უამრავ სხვა ქვეყანაზე მაღალია. ქვეყანას სამუშაო ადგილებისა და ხელფასის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, პირადი უსაფრთხოების, უნარჩვევებისა და განათლების მაღალი მაჩვენებელი აქვს.

რაც შეეხება მოსახლეობის დასაქმების საკითხს, ქვეყნის მოსახლეობის 82%-ს, 15-დან 64-წლამდე აქვს ანაზღაურებადი სამსახური, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დუდანა ზაქარაია