ქართული წვენებით ფინეთი და ამერიკა დაინტერესდა

ხილის წვენის მწარმოებელი კომპანია ,,ხალისი” საწარმოო მასშტაბების გაზრდას და ახალი, გადაიარაღებული ქარხნის მშენებლობას აპირებს.

,,ხალისის” დამფუძნებლის მამუკა კარელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა, სად განთავსდება ქარხანა. მისი განმარტებით, ორი სავარაუდო ადგილი - გორი და ხარაგაული განიხილება.

მამუკა კარელიძე აღნიშნავს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქციით ამერიკელები და ფინელები დაინტერესდნენ.

,,პროდუქციის სინჯები უკვე გაგზავნილია ამერიკაში, ფინეთიდან სტრუმრებს კი აგვისტოში ველოდებით. არ არის გამორიცხული, რომ საწარმოს მშენებლობა მათვე დააფინანსონ,”-აღნიშნავს მამუკა კარელიძე.

კომპანია სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” მონაწილეობის მიღებას და 320 ათასი დოლარის გრანტზე განაცხადის გაკეთებას აპირებს. მამუკა კარელიძის ინფორმაციით, ეს თანხა ახალი ქარხნის მშენებლობას და მისი შესაბამისი დანადგარებით აღჭურვას მოხმარდება.

ბრენდი ,,ხალისი” ქართულ ბაზარზე იანვრიდან გამოჩნდა. ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცია დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს.

საწარმოს დამფუძნებლის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც წარმოების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ,,ხალისი” რეგიონებშიც გაიყიდება.

ქარხანაში ამჟამად ორი სახის, ატმისა და კენკრის არომატის სასმელი იწარმოება. ,,ხალისი” ჯანჯაფილის, კოჭასა და სხვა აღმოსავლური სუნელების ნაყენის გამოყენებით მზადდება.

საწარმოს დირექტორის განცხადებით, რეალიზაცია მზარდია და საწარმოს მასშტაბების გაზრდა მოთხოვნიდან გამომდინარე, აუცილებელია.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე