საქართველოსა და ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში საქართველოსა და ბელორუსის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ქართულ დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იყვნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ბელორუსის რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის გაუმჯობესების, ერთობლივი საწარმოების შექმნის, დარგის სპეციალისტების გადამზადებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

საუბარი შეეხო ქართული ციტრუსის, ჩაის, თხილის, ღვინოს, სხვა ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ბელორუსის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ 2016 წლის სექტემბერში, ქალაქ თბილისში საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ ბელორუსის ნაციონალური გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელორუსული წარმოების აგროტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ახალი ტექნოლოგიები.