თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავარ პროკურორს მიმართავს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და მთავარ პროკურორს საგანგებო მიმართვას უგზავნის. მიმართავს უცვლელად გთავაზობთ:

”2012 წელს, წინასაარჩევნოდ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქართული სახელმწიფოს მთავარ ღირებულებად აღიარა. ეს ფუნდამენტური უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებებითა და ქვეყნის კანონმდებლობით. 2012 წლის 20 დეკემბერს ამ უზენაესი უფლების დაცვამ განაპირობა მიგვემართა პარლამენტის თავმჯდომარისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრისადმი.

როდესაც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული კატასტროფული ტვირთის შესახებ ინფორმაცია მიიღო და შეიტყო, რომ ამ მხრივ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებელია (ვადა ჯერ კიდევ 2011 წლის 15 მაისს ამოეწურა), პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სახელმწიფოებრივი მიდგომა გამოიჩინა, მთავრობის 2013 წლის 15 მარტის # 58-ე დადგენილებით შეიქმნა თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია. იმავე წლის 30 ივლისის # 196 დადგენილებით დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, 29 ნოემბრის # 304-ე დადგენილებით კი 2013-2018 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იყო რომელ უწყებას რა ღონისძიება უნდა გაეტარებინა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვადებულებებისა და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების - ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, დასაცავად. ასევე შემუშავდა შესაბამის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტი.

სამწუხაროდ, 2013 წლის ბოლოდან ყველა პროცესი გაჩერდა და სამთავრობო კომისიის არცერთი სხდომა აღარ გამართულა, კომისიის სამდივნო კი, ბოლოს 2014 წლის გაზაფხულზე შეიკრიბა.

სამაგიეროდ გახშირდა თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან სახელმწიფო და კერძო ორაგნიზაციების უკანონო სპონსორობის ფაქტები. მაგალითად, ბრიტანულ ამერიკული თამბაქოს კომპანია სისტემატურად არღვევს კანონს და მაღალი თანამდებობის პირების მფარველობით აფინანსებს თსუ-ს, სოხუმის უნივერსიტეტს, ფინანსთა აკადემიას, შსს აკადემიას და მათ სტუდენტებს. მეტიც, ისინი აფინანსებდნენ მაშინდელი ბიზნეს-ომბუცმენის - გიორგი გახარიას მონაწილეობას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-6 კონფერენციაში, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში ქ. მოსკოვში იმართებოდა, თუმცა, თამბაქოს კონტროლის ეროვნულმა წარმომადგენელმა ეს უკანონო მცდელობა აღკვეთა. 2016 წლის აპრილში, ჟენევაში ბიზნეს-ომბუცმენის ოფისის იურისტის ვანო იმნაიშვილის მივლინებასაც ბრიტანულ ამერიკული თამბაქოს კომპანია აფინანსებდა, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ და კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელობამ აღკვეთა. უკანონო სპონსორობის ფაქტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე უწევდა ორგანიზებას.

თითოეული ფაქტით ირღვევა კონვენციის 5.3 მუხლი და რეკომენდაციები, სამთავრობო დადგენილებები და “საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციისა” და “რეკლამის შესახებ” კანონები.

იაპონური თამბაქოს კომპანია (Japan Tobacco International) უკანონოდ ასპონსორებს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს: კავკასიის ბიზნეს სკოლა, თავისუფალი უნივერსტეტი, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი (რომელმაც დააფინანსა ეკონომიკის სამინისტროსა და ჟურნალისტების საგანმანათლებლო ღონისძიებები) და მარჯანიშვილის თეატრი. ამ უკანონო სპონსორობას ხელმძღვანელობს ამჟამად სამრეწველო-სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერის ეკონომიკური საბჭოს წევრი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელიც იაპონური თამბაქოს კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი და ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის თანაშემწეა. ამჟამად მჭედლიშვილი ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანიის მარკეტინგის დირექტორ ზვიად სხვიტარიძესთან ერთად მთავრობაში თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ერთ-ერთი მთავარი ლობი გახლავთ.

რაც შეეხება 2013 წელს შემუშავებულ ცვლილებების კანონპროექტებს, ორჯერ დატრიალდა შესათანხმებლად სამთავრობო დაწესებულებებში, მაგრამ მთავრობის სხდომაზე განსახილველად ვერ მიაღწია. ორივეჯერ ეკონომიკურმა საბჭომ დაბლოკა. ამას წინ უძღოდა ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილთან ბრიტანულ ამერიკული თამბაქოს კომპანიის, იმპერიალ ტობაკოსა და იაპონური თამბაქოს კომპანიის შეთანხმება. პროცესებში აქტიურობდა ღარიბაშვილის სიმამრი თამაზაშვილი და ეკონომიკური საბჭოს მაშინდელი მდივანი რომან ჩხენკელი. ჩვენი მრავალგზის მიმართვა და მოთხოვნა, მოეწვია სამთავრობო საბჭოს სხდომა, ღარიბაშვილმა არ დააკმაყოფილა.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც სპეციალური თავი მიეღძვნა თამბაქოს კონტროლის საკითხებს. ომბუცმენმა მთავრობას რეკომენდაცია მისცა, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა.

2016 წლის 11 მარტს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მივმართეთ, კანონპროექტი წარდგენილიყო და თამბაქოს კონტროლის მხრივ არსებული უკიდურსად მძიმე სიტუაციის განსახილველად სამთავრობო კომისია შეკრებილიყო. მიმართვას ხელს აწერდა 50-ზე მეტი ცნობილი ონკოლოგი, რადიოლოგი, კარდიოლოგი, გინეკოლოგი და ა.შ. საკითხი განსახილველად რატომღაც კვლავ ეკონომიკურ საბჭოს აპარატს გადაეცა, სადაც პროცესი კვლავ შეფერხდა და დღემდე უძრავია.

2016 წლის მარტიდან ალიანსმა სახელწოდებით “ნუ მაბოლებ” სამოქალაქო პროტესტი წამოიწყო. მოძრაობას სტუდენტებთან ერთად სამედიცინო საზოგადოება, სპორტსმენები, ჟურნალისტები და ცნობილი სახეები შეუერთდნენ.

2016 წლის 5 მაისს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტუტუტის ხელმძღვანელმა პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომლის შესაბამისად მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს: მოწევის აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში, მათ შორის რესტორნებსა და ბარებში ასევე, რეკლამისა და პოპულარიზაციის სრულ აკრძალვას.

2016 წლის 13 ინვისს, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გუგული მაღრაძის ინიციატივით, პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან, მმართველი გუნდის პოლიტიკურ დანაპირებთან და ამ მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებებთან.

17 ივნისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ბრიტანულ ამერიკული თამბაქოს კომპანიის წარმომადგენელმა, ზვიად სხვიტარიძემ განაცხადა, რომ მან იცოდა კანონპროექტის შესახებ მთავრობის უარყოფითი პოზიცია, არადა, მთავრობას დასკვნების შესაკრებად დრო ივნისის ბოლომდე ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ კონვენცია სარეკომენდაციო დოკუმენტია. დიახ, შიდა კანონმდებლობასთან შედარებით კონვენციას უპირატესი ძალა აქვს და მისი მოთხოვნები უპირობოდ უნდა სრულდებოდეს.

სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და იაპონური თამბაქოს კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი ნიკო მჭედლიშვილი, იაპონური თამბაქოს კომპანიის წარმომადგენელი ივა ხასია და სხვები. რაც როგორც უკვე ვთქვით, კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების და საქართველოს ნორმატიული აქტების დარღვევაა.

ივნისში, პარლამენტისა და მთავრობის სახელზე პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მხარდამჭერი მიმართვები მოვიდა კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელისაგან ვერა დე კოსტა ე სილვასაგან, ჯანმოს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელისაგან ჟუჟანა ჯაკობისაგან და ჩვენი ევროპელი კოლეგებისაგან.

2016 წლის 4 ივლისს მთავრობის კანცელარიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელიც სამინისტროების დასკვნებს უნდა დაყრდნობოდა. ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროები მხარს უჭერდნენ და კანონპროექტში გარკვეულ ცვლილებებს ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, მთავრობის კანცელარიაში პირდაპირ შეასრულეს თამბაქოს ინდუსტრიის დაკვეთა და კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. სავარაუდოდ, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად შეთხზეს მთავრობის დასკვნა, საიდანაც ნათელია ავტორის თვითმიზანი - კანონპროექტების დაბლოკვა და არა რაციონალური მსჯელობა. გამაოგნებელია დასკვნის არაადამიანური სულისკვეთება, არაკომპეტენტურობა და თავხედობა. ცინიზმია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დებულებების გამოყენების მცდელობა ამავე კონვენციის დანერგვისთვის შექმნილი და მისი სამდივნოს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტების დასაბლოკად. ამაზრზენია თამბაქოს კონტროლის ევროდირექტივების დანერგვის ვადებით მანიპულირების უგერგილო მცდელობა, არაკომპეტენტური მოწოდება კანონპროექტი თამბაქოს ინდუსტრიასთან ერთად მომზადდეს, ისე, თითქოს არც არსებობდეს კონვენციის 5.3. მუხლი.

უამრავი მსგავსი სამარცხვინო ჩანაწერის საფუძველზე ე.წ. სამთავრობო დასკვნის ვტორი “ასკვნის”, რომ კანონპროექტებს ამ სახით მხარს ვერ დაუჭერენ. იმიზეზებენ მარტივად გასათავალისწინებელ შენიშვნებს. ვფიქრობთ, დასკვნა ეკონომიკური საბჭოს აპარატში მომზადდა, იქ, სადაც დავალებული აქვთ თამბაქოს კონტროლის საკითხების შეფასების მომზადება. ამ აპარატის ხელმძღვანელია გიორგი გახარია, რომელიც ოფიციალურად შემჩნეულია ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანიასთან თანამშრომლობაში, მათ შორის ფულადი სახით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. ამავე საბჭოს წევრია ნიკოლოზ მჭედლიშვილი, თამბაქოს ინდუსტრიის ლობი და იაპონური თამბაქოს კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი. 2013 წლამდე, ჯანდაცვის სამინისტროში ის არაფორმალურად აკონტროლებდა თამბაქოს კონტროლის ნებისმიერ საკითხს და როგორც ჩანს, ნოყიერი ნიადაგი ნახა ჩვეული სტილით აწ უკვე მთავრობის კანცელარიაში სამოქმედოდ.

სამწუხაროდ, მთავრობის ამ დასკვნით უხეშად იგნორირებულია მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები და მოთხოვნები, კანონის, საერთაშორისო კონვენციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, სამედიცინო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა მოთხოვნების.

ალიანსი კატეგორიულად მოითხოვს მთავრობამ გაიწვიოს ან ბათილად სცნოს საეჭვო გარემოებებში მომზადებული დასკვნა და დაეყრდნოს ლეგალურ, პარლამენტთან და ხალხთან ანგარიშვალდებული სტრუქტურების დასკვნებს.

ამასთან, მსგავსი დაუბალანსებელი და უკანონო გადაწყვეტილებების თავიდან ასაცილებლად გაუქმდეს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტრესებისათვის ბარიერის შემქმნელი, თამბაქოს ბიზნესთან პირდაპირ გარიგებაში მყოფი, კორუფციის ახალი ფორმების წყარო, არაეკონომიკური მიდგომების გამავრცელებელი, გაუმჭვირვალე, სამინისტროების არაფორმალური უფროსი - მთავრობის ეკონომიკური საბჭოსა და ბიზნეს-ომბუცმენის აპარატები. მათი ფუნქცია ისედაც აქვთ პროფილურ სამინისტროებსა და სახალხო დამცველს. თანამდებობიდან დაუყონებლივ გადააყენონ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების ბიზნეს-ინტერესების ლობი გიორგი გახარია და ბიზნეს-ომბუცმენის აპარატის იურისტი ვანო იმნაიშვილი, ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი - ოთარ აბესაძე და მათ მიმართ დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები”, - ნათქვამია საგანგებო მიმართვაში.