საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი USAID-ის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დირექტორს დაგლას ბოლს და წარმომადგენელს ვერონიკა ლის შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და USAID-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება წარმოადგენდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს USAID-ს მიერ საქართველოში მრავალწლიანი საქმიანობის ს მნიშვნელობაზე, ქვეყნის განვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციის წვლილზე და მისი მუშაობის პოზიტიურ შედეგებზე, USAID-ის მიერ დაფინანსებულ სოფლის მეურნეობის პროექტებზე, ასევე კოოპერატივების შექმნის და განვითარების აუცილებლობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარება გრძელვადიანი, სოციალური ხასიათის პროცესია, რომელსაც თანამედროვე მექანიზაცია ესაჭიროება.

”იმისათვის, რომ ქვეყანაში მასიური წარმოება დაიწყოს და სოფლის მეურნეობის დარგი განვითარდეს, საჭიროა, მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით იუსტიციის სამინისტრო უკვე ახორციელებს. ამ რეფორმის გარეშე დარგის განვითარება ძალიან რთულია. დღეს, დასაქმებულთა 50 პროცენტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს ქმნიან”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, სასამართლო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით ბიზნესმენთა მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მაია მელიქიძის განცხადებით, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დროულ და სამართლიან სასამართლო პროცესს.

”ბიზნესდავები ძალიან დიდხანს გრძელდება, რითაც ბიზნესი ზარალდება. ბიზნესს პრეტენზიები აქვს სასამართლო განხილვების ვადებთან და ეკონომიკური განათლების მიმართულებით მოსამართლეების კვალიფიკაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. დასახვეწია ”მეწარმეობის შესახებ“ კანონიც”,- განაცხადა მაია მელიქიძემ.