გარდაბნის თბოელექტროსადგურის გაყიდვაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა

გარდაბნის თბოელექტროსადგური აღარ იყიდება.

როგორც საპარტნიორო ფონდში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, კომპანია Pegasus East West-თან საბოლოო პირობებზე მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.

ჩაშლილი გარიგების დეტალებზე საუბარი უჭირს გარდაბნის თბოელექტროსადგურის დირექტორს. ლაშა მგელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, თუ რატომ ვერ შედგა მოლაპარაკება ენერგეტიკის სამინისტროსა და Pegasus EastWest-თან.

როგორც ცნობილია, გარდაბნის ახალი თბოსადგურის ყიდვას Pegasus EastWest გეგმავდა, რომელთანაც გასული წლის ივნისში იმპლემენტაციის ხელშეკრულება გაფორმდა. მაშინ ნასყიდობის ღირებულებად 290 მილიონი აშშ დოლარი დასახელდა.

გარდაბნის 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური 2015 წლის 28 სექტემბრიდან ჩართულია საქართველოს ელეტროსისტემაში. 2015 წლის 1 ნოემბრიდან მას მიენიჭა გარანტირებული სიმძლავრის სტატუსი.

ქრისტინე გამთენაძე