ალექსანდრე ჯეჯელავა - შევეცდები ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებისთვის სახსრები ვიშოვო

სირცხვილია, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ საქართველოში გამრავლებისა და დემოგრაფიული კუთხით ჩვენი ერის წინსვლის საქმეს მხარი დავუჭიროთ , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მინისტრი პირობას დებს, რომ საკითხს მსვლელობა მიეცემა და დაითვლის, თუ რა თანხები დასჭირდება ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებისთვის განათლების სისტემას.

”ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არაა იმ დონეზე მატერიალურად, როგორც ეს თითოეულ ჩვენგანს გაგვიხარდება. მასწავლებლებთან შეხვედრაზე დავთვალეთ ასეთი რამ - სისტემაში არის 66 ათასი მასწავლებელი, შესაბამისად, მე რომ შევძლო და დავარწმუნო ჩემი კოლეგები, რომ 1 მილიონი ლარი დაუმატონ მასწავლებლების სახელფასო ანაზღაურებას, თითო მასწავლებელს შეხვდება 1 ლარი და 26 თეთრი ანუ სისტემა იმდენად მასშტაბურია, რომ მასში რაიმეს შეცვლა დაკავშირებულია ათობით მილიონი ლარის ინვესტირებასთან. მათ შორის დეკრეტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. სირცხვილია საქართველოში ჩვენ თუ ვერ შევძლებთ, რომ გამრავლებისა და დემოგრაფიული კუთხით ჩვენი ერის წინსვლის საქმეს დავუჭიროთ მხარი. თუმცა სასწორის ერთ მხარეს არის ჩვენი მორალური და ადამიანური ვალდებულება და მეორე მხარეს დაფინანსების შესაძლებლობა. მე შემიძლია დავპირდე ყველას, რომ საკითხს მივცემ მსვლელობას და გადავიყვანო ფინანსურ მაჩვენებელში, თუ რა დაუჯდება ჩვენს სისტემას ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, დავთვალოთ რა დაუჯდება მოცდენილი მასწავლებლების ანაზღაურება და მერე ეს საზოგადოებას წარვუდგინო. დამერწმუნეთ, საუბარია ისეთ თანხებზე, რომელსაც შეიძლება ჩვენ ძალიან მალე მობილიზება ვერ გავუკეთოთ. მე შევეცდები სახსრები ვიშოვო, თუმცა უნდა გავითვალისწინო ქვეყნის მთლიანი მდგომარეობა”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა".