Check in Georgia-ს ფარგლებში დღეს სამ რეგიონში კონცერტები გაიმართება

Check in Georgia-ს ფარგლებში დღეს, საქართველოს სამ რეგიონში კონცერტები გაიმართება.როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, 19:00 საათზე, ქალაქ გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში გაიმართება ნუცა ბუზალაძის, ქეთი ორჯონიკიძის, გიორგი სუხიტაშვილის, გიორგი ნადიბაიძის, მარიტა როხვაძისა და KOKA & T. BLUES MOB-ის კონცერტი. ასევე 19:00 საათზე, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარსდგებიან ჯგუფი „ფრანი“ და რობი კუხიანიძე ბენდით. კიდევ ერთი რეგიონული კონცერტი 9 ივლისს, 19:00 საათზე რუსთავში გაიმართება, სადაც ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში რუსთაველი მსმენელის წინაშე ვაჟა მანია, ბოკა კვეკვესკირი, თიკა ჯამბურია, გვანცა ზაქარეიშვილი, GoofyLand და რუსთავის ჯაზ-ბენდი წარსდგებიან.

აპრილში დაწყებული პროექტი Check in Georgia წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა ოთხი გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი Maroon 5 და ხოსე კარერასი.