რითი ვიკვებებით? - ვინ ამოწმებს საქართველოს საცხობებში არსებულ ვითარებას

ბოლო ხანებში საქართველოს დიდ თუ პატარა ქალაქში უამრავი სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნა. მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა წარმოდგენილი საცხობები.

ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე კი ლამის ყოველ ქუჩის კუთხეში გახსნილ საცხობს დღეში ასობით მომხმარებელი ჰყავს. საცხობში შეძენილი ხაჭაპურით, ლობიანითა თუ ფუნთუშით უამრავი ადამიანი იკვებება.

პროდუქციის შენახვას და მომზადებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირობების დაცვა სჭირდება. ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, განსაკუთრებული ზომების მიღება უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ALLNEWS.GE დაინტერესდა, რამდენად კონტროლდება საქართველოში არსებული საცხობები. როგორია კონტროლის მექანიზმები და კვლევის შედეგები.

სწრაფი კვების ობიექტების მსგავსად, საცხობების შემოწმება, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა. სწორედ ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელსაც გარკვეული კონტროლის მექანიზმების გამოყენებით, საცხობში შესვლა და ინსპექტირების განხორციელება შეუძლია.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე აღნიშნავს, საცხობების შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, ზაფხულში კი კონტროლი განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს.

"აქ ხდება როგორც ინსპექტირების განხორციელება, ასევე ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა. ბოლო პერიოდში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ გამოვლენილა, რაც სასიხარულო და კარგი შედეგია. არაკრიტიკული შეუსაბამობები, ანუ ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც სურსათის უვნებლობაზე გავლენას არ ახდენს, არსებობს, თუმცა ამაზე ჩვენ სპეციალისტები აძლევენ შესაბამის მითითებებს, რეკომენდაციებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ხდება იგივე ობიექტების განმეორებითი შემოწმება,"-აცხადებს კახა სოხაძე.

მისი თქმით, ვინაიდან ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, სურსათის ეროვნული სააგენტოს განსაკუთრებული ყურადღება საკურორტო რეგიონებშია გადატანილი და მიმდინარე დღეებში სურსათის უვნებლობის კუთხით ეს ყველაზე აქტუალური საკითხია.

კახა სოხაძის განმარტებით, გამოვლენილი დარღვევებიდან ძირითადი ნაწილი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა - აღჭურვილობა, ზედაპირები და ა. შ. მისივე თქმით, ასევე იკვეთება ტემპერატურული რეჟიმის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

როგორც სურსათის ეროვნილი სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, სხვადასხვა ტიპის დარღვევებისთვის ბიზნესოპერატორები სხვადასხვა თანხით ჯარიმდებიან.

"იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება სურსათის უვნებლობას და ადამიანის ჯანმრთელობას - პროდუქცია ექვემდებარება განადგურებასა და სანქციის დაწესებას, ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევებისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორი 200 ლარით ჯარიმდება.

განაგრძეთ კითხვა

ქრისტინე გამთენაძე