კრისტინ ლაგარდი - ტრამპის განცხადებები და „ბრექსიტი“ მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ საერთაშორისო ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს.

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის განცხადებები სახიფათო პროტექციონისტული მოძრაობის დაწყების რისკს ბადებს.

ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში, ლაგარდმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა დიდ ბრიტანეთს მოუწოდა, სწრაფად შეიტანოს სიცხადე გადაწყვეტილებაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე გავერკვეთ დეტალებში, რადგან ვფიქრობთ, რომ გაურკვევლობა ნეგატიურად აისახება ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე“, - აღნიშნა კრისტინ ლაგარდმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმის შედეგები უკვე აისახა მსოფლიო ეკონომიკაზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკურ პროგნოზზე.

„ჩვენი ბოლო პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური წრდა 3,2% იყო, თუმცა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ამ პროგნოზს უარყოფითად შეცვლის“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.